ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე ვულკანური ამოფრქვევა გრძელდება. ამ დროისთვის, ლავის სიჩქარე საათში 700 მეტრს აღწევს და ის გზაზე ყველაფერს ანადგურებს.
El Pais-ის ცნობით, ლავის ნაკადს აქვს საშუალო სიმაღლე – ექვსი მეტრი და განაგრძობს დღიურად 6,000 -დან 9,000 ტონა გოგირდის დიოქსიდის გამოყოფას.
ამჟამად, ძირითადი ზიანი მიყენებულია ელ-პასოს მუნიციპალიტეტში, სადაც უკვე 5 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სახლია დანგრეული, წაღებულია გზა და განადგურებულია სავარგულები.
ამასთან, არცერთი ადგილობრივი მცხოვრები არ დაშავებულა.
როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა, მარიანო ერნანდეს საპატამ თქვა, “ლავა, ფაქტობრივად, შთანთქავს სახლებს, ინფრასტრუქტურასა და ნათესებს”.
ლა პალმას კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა გუშინ დაიწყო.
კუნძულზე მაღალი მზადყოფნის რეჟიმია გამოცხადებული მას შემდეგ, რაც ერთი კვირის განმავლობაში ვულკანის ირგვლივ 22 ათასზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.