Süddeutsche Zeitung: კრემლისთვის და არა ხალხისთვის ჩატარებული არჩევნები
“რუსეთში საპარლამენტო არჩევნები არ არის ამომრჩევლისთვის განკუთვნილი, ის მხოლოდ კრემლისთვისაა, რომელსაც სურს, აჩვენოს, რომ უმრავლესობა კვლავ მას უჭერს მხარს”, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ, ამავე დროს, კრემლისთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებას არჩევნების მანიპულირება უფრო მეტად მოუწია, ვიდრე წინა წლებში და რომ თითქმის ყველამ იცის ან ეჭვობს ამას. “კრემლის არაპოპულარული პარტიის გამარჯვებას აქვს პარალიზების ეფექტი.”
“მოსახლეობის დიდი, პასიური ნაწილისთვის ეს არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. მათ კი, ვინც ეჭვობდა, რომ კრემლს უმრავლესობა მხარს აღარ უჭერს, არწმუნებენ, რომ მათმა კოლეგებმა, მეზობლებმა და ნაცნობებმა “ერთიან რუსეთს” მასობრივად მისცეს ხმა. ასე რომ, უმჯობესია, მოიქცეთ ისე, თითქოს, ყველაფერი ისევ რიგზეა და მიყვეთ დინებას”, – ნათქვამია სტატიაში.
Süddeutsche Zeitung წერს – “ამავდროულად, კრემლს სურს, დაუმტკიცოს აქტიური კრიტიკოსების მცირე ჯგუფს, რომ რეალური ოპოზიცია სტერილურია. აქამდე არასოდეს არ ჩამოუშორებიათ ოპოზიციის ამდენი წევრი არჩევნებში მონაწილეობისგან, ქვეყნიდან არ გაუძევებიათ, პასუხისგებაში არ მიუციათ. თუმცა, რეპრესიების ამ ტალღით კრემლი სხვა რამესაც ამტკიცებს: რომ რუს ამომრჩევლებს აქვთ საკუთარი ნება, რომ კრემლს აწუხებს და ეშინია ამ ნების. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეულ საარჩევნო ოლქებში მანიპულირება ძნელად აიხსნება”.
“ამიტომ, სამწუხაროა, რომ რუსული ოპოზიცია არ იყენებს ამომრჩევლის ამ ნებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, ალექსეი ნავალნის წინადადება არ არის რეალური პოლიტიკური პროგრამა, ის უბრალოდ აწყობს საპროტესტო აქციებს. თუმცა, რუსეთში არსებობენ დემოკრატიული ძალები, რომელთანაც ნავალნის გუნდს შეეძლო ალიანსის გაფორმება. მაგრამ ისედაც დანაწევრებულ რუსულ ოპოზიციაში მრავალი წელია, ყველა იბრძვის საკუთარი თავისთვის. ეს ძნელად შთააგონებს ხალხს, რომლებიც კრემლის წინააღმდეგ ხმის მისაცემად მზად არიან“, – ნათქვამია Süddeutsche Zeitung-ის სტატიაში.