სააკაშვილი: “ჩრდილოეთ ნაკადი 2” უკრაინისთვის შესაძლოა, მომგებიანი იყოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი2” კიევისთვის შეიძლება, სასარგებლო იყოს.
ამის შესახებ მან პოლონურ გამოცემასთან – Energetyka24-თან საუბარში თქვა.
“უახლოეს მომავალში რუსული მილსადენი შეიძლება, აღმოჩნდეს “ძალიან საშიში”: მომავალ გაზაფხულზე რუსეთის მიერ “თავდასხმის” შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებს არ ექნებათ სურვილი, დაუჭირონ მხარი კიევს. თუმცა, მას სარგებლის მოტანაც შეუძლია. უკრაინას საკმარისად აქვს საკუთარი გაზი. ამ მილსადენის დასრულება იმით არის კარგი, რომ უკრაინელები საკუთარი გაზის მოპოვებას დაიწყებენ. ისწავლიან მის ეკონომიას”, – თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ “კიევი შეიძლება, არა მხოლოდ გახდეს თვითკმარი გაზის თვალსაზრისით, არამედ – დაიწყოს მისი ექსპორტიც”.
“ჩრდილოეთ ნაკად” -ის მშენებლობა, რომელსაც სამი წელი დასჭირდა, გასულ კვირას დასრულდა. გაზსადენის ორი ხაზის სიმძლავრე არის 55 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. დაგეგმილია მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვება წლის ბოლოსთვის.
სააკაშვილისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოეთ ნაკად2″-ს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ადარებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსული გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი-2”, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, უკრაინისთვის დამღუპველია. მისი თქმით, ”ის ხელს უწყობს რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ევროპის ინტერესებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით – არ იყოს დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში, რუსეთზე. რა თქმა უნდა, ეს დამღუპველია უკრაინისთვის, პოლონეთისა და ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის”.
შეერთებულმა შტატებმა გაზსადენის წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები დააწესა და არაერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებსა და კერძო კომპანიებს, შეწყვიტონ მუშაობა მილსადენზე.
7 იანვარს გერმანიაში გაზსადენის მშენებლობის მხარდასაჭერად ფონდი დაფუძნდა. 18-მა კომპანიამ უკვე თქვა უარი გაზსადენის პროექტში მონაწილეობაზე ან აპირებენ ამის გაკეთებას სანქციების საშიშროების გამო.
6 თებერვალს “ჩრდილოეთ ნაკად-2″-ში განაცხადეს, რომ მუშაობას აგრძელებენ.
20 აპრილს კი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა დარჩეს ევროპაში რუსული გაზის მიწოდების სატრანზიტო ქვეყნად, მიუხედავად გერმანიის გადაწყვეტილებისა, დასრულდეს რუსული გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრები.