რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა “ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ “ერთი მხარის მოქალაქეებს აქვთ უფლება, მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა ძირითად მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. რუსეთი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს აძლევს უფლებას, მიმართონ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ წესს”.

ამასთანავე, მოქალაქეობის მიღების პირობები, განაცხადის წარდგენის წესი, საბუთების ჩამონათვალი და განაცხადების განხილვის წესი დგინდება რუსეთის პრეზიდენტის მიერ.

ასევე, ორივე მხარის “მოქალაქე პირები” სარგებლობენ სოციალური დაცვის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით იმ მხარის “კანონმდებლობის” შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მუდმივად ცხოვრობენ. ამავე დროს, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, უზრუნველყოს ასეთი პირები უფლებებითა და სარგებლით.

შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის რატიფიკაციის ინსტრუმენტების გაცვლის თარიღიდან. ის მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუ რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორეს მის გაწყვეტაზე, მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე.

აღინიშნება, რომ “შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოქალაქეობის შეჩერებას”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები