რუსეთში, არჩევნებზე დაფიქსირებული 4 ათასზე მეტი დარღვევის ფონზე, მმართველი “ედინაია როსია” ლიდერობს

რუსეთში, 17-19 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოქმების 70%-ის დათვლის შედეგად, მმართველი პარტია – “ედინაია როსია” ხმების 48%-ზე მეტს მოიპოვებს.

მეორე ადგილზე გავიდა კომუნისტური პარტია – КПРФ – 20,16%-ით.

ჯამურად, ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსეთის VIII მოწვევის სახელმწიფო სათათბირო წარმოდგენილი იქნება ხუთი პარტიით: “ედინაია როსია”, КПРФ, ЛПДР, “სპრავედლივაია როსია”, “ნოვიე ლუდი”, დანარჩენებმა 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ერთმანდატიან ოლქებში, ოქმების 70%-ით დათვლის შედეგად, “ედინაია როსიას” 195 მანდატი, კომუნისტებს – 15, “სპრავედლივაია როსია”-ს 7. დანარჩენებს – თითო-თითო მანდატი აქვთ.

ამასთანავე, როგორც “ნოვაია გაზეტა” წერს, მმართველმა პარტიამ შესაძლოა, ვერ შეძლოს კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება. იმისთვის, რომ ქვეყანაში ე.წ. კონსტიტუციური კანონები იყოს მიღებული, როგორებიცაა რეფერენდუმის დანიშვნიდან რუსეთის ახალი სუბიექტის წარმოქმნამდე, საჭიროა დეპუტატთა ხმების 2/3.

ასევე, ექსპერტები ხაზს უსვამენ გენადი ზიუგანოვის კომუნისტური პარტიის დიდ გამარჯვებას, რომელიც მას არ ჰქონია 1999 წლიდან.

რაც შეეხება, ჯამურად, ჩატარებული არჩევნების მიმდინარეობას, ოპოზიციისა და უფლებადამცველთა თქმით, კენჭისყრა კონკურენტულ გარემოში არ ჩატარებულა. მაგალითად, ალექსეი ნავალნის მომხრეს კანდიდატურის წარდგენის საშუალება არ მისცეს; ასევე, ხელისუფლება ხელს უშლიდა “ჭკვიანი კენჭისყრის” სისტემის მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავდა ერთმანდატიან ოლქებში ოპოზიცური დეპუტატების მხარდაჭერას.

მოძრაობა “გოლოს”, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხო ქვეყნის აგენტად არის გამოცხადებული, 4 ათასზე მეტ დარღვევას აფიქსირებს. მოძრაობის დამკვირვებლების თქმით, ფალსიფიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა.

საჩივრების უმეტესობა საშინაო კენჭისყრას უკავშირდება, რა დროსაც დარღვევები ფიქსირდებოდა მის საორგანიზაციო პროცესში, ასევე, გარე პირების პროცესში ჩარევას. დარღვევებს ხშირად აგრესია ახლდა, კერძოდ, მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონში, N49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვაგიფ ტარვერდიევმა ტელეფონი მოსტაცა საარჩევნო კომისიის წევრს.

ასევე, იყო ცნობები დეპუტატებზე თავდასხმისა და საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ. ამის გამო, მოსკოვში ხმის მიცემის პირველ დღეს გაბათილდა რვა საარჩევნო ყუთი. არჩევნებზე დაკვირვების პროცედურა გართულებული იყო სათვალთვალო კამერების არარსებობის გამოც. ზოგიერთ უბანზე დამკვირვებლებიც დააკავეს.

ქვეყნის ცესკო-ში კი პროცესში სერიოზულ დარღვევებს “დაგეგმილ კამპანიას” უწოდებენ, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება. მათი თქმით, კენჭისყრის პროცედურა იყო გამჭვირვალე.

რუსეთის მე-8 მოწვევის სახელმწიფო სათათბირო თავის პირველ სხდომას, სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები