საქართველოს ვიცეპრემიერი, თეა წულუკიანი მეგის ქარდავას ექსტრადიციას სოცქსელში ეხმაურება.
ის ქართველ სამართალდამცველებსა და უკრაინის მთავრობას მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!
საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს!
ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!“, – წერს თეა წულუკიანი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოში 11 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული, მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.