ერდოღანმა 2023 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადა
“თურქეთის მმართველი კოალიცია 2023 წელს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, აპირებს ხალხის ნდობის მოპოვებასა და მათთვის მსახურების გაგრძელებას”, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა სტამბოლში, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სხდომაზე განაცხადა.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ამაყობს თურქი ხალხის მსახურებით.
”ჩვენს ხედვაში ხალხის მსახურებაში არ არსებობს პარტიზანობა და დისკრიმინაცია. ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში არა ხალხის მართვისთვის, არამედ – იმისათვის, რომ მათ ვემსახუროთ,” – თქვა მან და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა ძალისხმევა მიმართულია ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის გაძლიერებისკენ.
“ჩვენ გავაგრძელებთ თურქეთის გარდაქმნას უძლიერეს მსოფლიო ძალად”, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
მან ასევე თქვა, რომ 19 სექტემბერს ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინის მოპირდაპირედ, 36-სართულიან, თურქეთის სახლის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.