გერმანიაში 1-ელი ოქტომბრიდან უფასო ტესტებს აღარ გასცემენ – გამონაკლისები არიან 4 კატეგორიის ადამიანები

გერმანიაში 1-ელი ოქტომბრიდან კორონავირუსზე უფასო ტესტების გაცემა შეწყდება, გამონაკლისები არიან ოთხი კატეგორიის ჯგუფის ადამიანები.

ამის შესახებ Focus-ი წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, წლის ბოლომდე უფასო ტესტებით სარგებლობას კვლავ შეძლებენ 12-დან 17 წლამდე მოზარდები და ორსული ქალები.

უფასო ტესტირება ასევე იქნება ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ ვაქცინაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სტუმრობენ დაწესებულებებს, სადაც მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტია.

დანარჩენ არავაქცინირებულ ადამიანებს მოუწევთ ანალიზებისთვის ფულის გადახდა და მათი ფასი იქნება გაზრდილი.

ამჟამად, გერმანიაში სადაზღვევო კომპანიები იხდიან 43 ევროს ლაბორატორიაში PCR ტესტისთვის და, დაახლოებით, 11 ევროს ანტიგენის ტესტისთვის. ეს შეიძლება, იყოს მომავლის ფასების ორიენტირი, მაგრამ ისინი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად ტარდება ტესტირება და რამდენად სწრაფად არის საჭირო შედეგის მიღება.

მაგალითად, მიუნხენის აეროპორტში PCR ტესტი, რომლის პასუხი ორიდან ოთხს საათამდეა ცნობილი, 128 ევრო ღირს, ანტიგენის ტესტი – 45 ევრო. ფრანკფურტის აეროპორტში PCR ტესტი 89 ევრო ღირს, ხოლო ანტიგენზე – 29 ევრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები