სავალდებულო ვაქცინაცია – აშშ-ის 24 შტატის გენერალური პროკურორი ბაიდენს სასამართლოში საჩივრის შეტანით ემუქრება

აშშ-ის 24 შტატის გენერალური პროკურორი ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილით მიმართავს, რომელშიც ემუქრებიან პირველ პირს სასამართლოში სარჩელის შეტანით ფედერალური და კერძო კომპანიების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნის გამო.

წერილი გაგზავნილია: არიზონას, ფლორიდას, ოკლაჰომას, ტეხასის, ალასკას, ალაბამას, არკანზასის, ჯორჯიის, ინდიანას, კანზასის, კენტუკის, ლუიზიანას, მისისიპის, მისურის, მონტანას, ნებრასკას, ნიუ ჰემპშირის, ჩრდილოეთ დაკოტას, ოჰაიოს, სამხრეთ კაროლინას, სამხრეთ დაკოტას, უტას, ვირჯინიისა და ვაიომინგის შტატების გენერალური პროკურორების სახელით.

​”ჩვენ, 24 შტატის გენერალური პროკურორები ვწერთ, რათა გავაპროტესტოთ თქვენი მცდელობა, გახადოთ ვაქცინაცია სავალდებულო კერძო პირებისთვის. თქვენი გეგმა დამღუპველი და კონტრპროდუქტიულია. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს განკარგულება ნაკლებად მოიგებს ვინმეს გულებს, ის მეტ სკეპტიციზმს შემოიტანს და, როგორც მინიმუმ, ზოგიერთი ამერიკელი უბრალოდ დატოვებს შრომის ბაზარს, დამორჩილების ნაცვლად,” – ნათქვამია წერილში, რომელსაც The Hill ავრცელებს.

რესპუბლიკური პარტიის მომხრე შტატების პროკურორები აცხადებენ, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება “უკანონოა”, რადგან “პრეზიდენტმა კანონის იშვიათად გამოყენებადი დებულება აამოქმედა”.

“მოგიწოდებთ, გადახედოთ უკანონო და მავნე გეგმას და მიეცით ხალხს უფლება, მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილება. თუ თქვენი ადმინისტრაცია არ შეცვლის კურსს, წერილის ხელმომწერი სახელმწიფო პროკურორები გამოიყენებენ ყველა შესაძლო სამართლებრივ ვარიანტს, რომ თქვენ პასუხისმგებლობა დაგეკისროთ და დავიცვათ კანონის უზენაესობა,“ – ხაზგასმულია წერილში.

აღსანიშნავია, რომ არიზონას შტატის სახელით სასამართლოში საჩივარი უკვე შესულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას ხალხისადმი ტელემიმართვის დროს კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია წარადგინა, რომელთა შორის არის ფედერალურ სამსახურებში დასაქმებული პირების სავალდებულო აცრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები