„ვგრძნობ, თითქოს რაღაც ძალა მართავს ჩემს ხელს, აზრებს, წარმოსახვას და, ზოგადად – ფანტაზიას“ – მხატვარი ვარაზების ოჯახიდან, მეყვავილეობის ჰობით

ბავშვობიდან ხატავს. მრავალფეროვანი სამყაროდან მოდის: სამხატვრო გალერეად გადაქცეული სახლი და საინტერესო სტუმრები ბავშვობიდანვე არ აკლდა… შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია, სიცივე და უშუქობა, გაყინული აუდიტორიები… ხატვის სიყვარული  კი ყველგან აძლებინებდა…
პროფესიით კოსტიუმის მხატვმა სამყაროს ორი ნაწილის – შუა საუკუნეების აღმოსავლეთისა და დასავლეთის,  როგორც აზიის, ასევე რენესანსის ეპოქის ჰარმონიული სინთეზით უამრავი ნამუშევარი შექმნა.  
ამბობს, რომ ხიდივით გრძნობს თავს აზიასა და ევროპას შორის, ყველა ნახატის მიღმა კი დგას ამბავი, მოთხრობა, სიუჟეტი – მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით.
მონაწილეობა მიიღო ინგლისის, ირანისა და საქართველოს ერთობლივ პროექტში და დაასურათა სპარსული და შუა საუკუნეების პოეზიის კრებული აღმოსავლეთის ხიბლი, ასევე შექმნა ვარიაციები „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე.   ექვსი პერსონალური გამოფენის ავტორია. – მხატვარ სოფიო ვარაზის პერსონა.

– ავთო ვარაზის შთამომავალი ხართ… ხატვის სიყვარული ალბათ ამანაც განაპირობა…
– ავთო ბაბუას უმცროსი ძმა იყო და ოჯახში მას ყოველთვის ათიკოთი მოიხსენიებდნენ. ბაბუა მიყვებოდა, რომ მან პირველმა აჩუქა ავთოს, როდესაც ის პატარა იყო, სახატავი ალბომი და საღებავები. ავთო რომ გარდაიცვალა, მე ვიყავი 8 წლის… მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ სტუმრობდა ის ბაბუა-სტომატოლოგს და მჩუქნიდა კარამელის კანფეტს, რომელსაც ვერაფრით ვაძრობდი ქაღალდს და ქაღალდიანად ვჭამდი… და ყოველ ჯერზე მეკითხებოდა; „რა დაგიხატო?“.
ავთოს უჭირდა და ბაბუა ხშირად ეხმარებოდა მას. ჩემი აზრით, ნიშანდობლივია, რომ ავთომ ითამაშა ნიკალას როლი გიორგი შენგელაიას გენიალურ ფილმში – მისი ცხოვრება ძალიან წააგავდა ნიკალას ცხოვრებას მთელი თავისი პერიპეტიებით და ერთგვარი სევდით.
მე კი ვხატავ, რაც თავი მახსოვს. ალბათ, 3-4 წლის ასაკიდან, როგორც კი ფანქრის დაჭერა შევძელი. არ ვიცი, ალბათ გამიმართლა, რომ დავიბადე ოჯახში, სადაც ასე ეტრფოდნენ ხელოვნებას და აფასებდნენ ხელოვან ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის თითქმის ყველა დანარჩენი წევრი ექიმი იყო.
– რა იყო საინტერესო ბავშვობიდან?
– ბავშვობა უდარდელი მქონდა, ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რომ მეხატა და ორი აზრი არ არსებობდა იმის თაობაზე, რომ მე მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. მე ვიტყოდი, რომ ზოგადად ბავშვობა  ძალიან საინტერესო მქონდა და კონკრეტულ ეპიზოდს ვერც კი გამოვყოფ, იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესო მოვლენებით იყო სავსე.
ადრეული წლები გავატარე ხელოვან ხალხთან ურთიერთობაში – იქნებოდნენ ეს კინოს, თეატრის თუ სახვითი ხელოვნების  წარმომადგენლები – ყველა ამ ადამიანმა დიდი როლი შეასრულა ჩემი შინაგანი სამყაროს ფორმირებაში. და მაინც, ერთ მომენტს გამოვყოფდი, რომელმაც შესაძლოა, მიბიძგა იმ სტილის განვითარებისკენ, რომელიც ახლა მაქვს.
როგორც წესი, ბავშვობაში ვხატავდი ფანქრებით ან ფლომასტერებით და ერთხელ სტუმრად გვეწვია მამაჩემის მეგობარი, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი, დაჯილდოებული უამრავი ნიჭით სხვადასხვა სფეროში. ასეთი ადამიანები რენესანსის ეპოქაში თუ იბადებოდნენ.
მაშინ ბერძნული მითოლოგიით ვიყავი გატაცებული, ვიქნებოდი დაახლოებით 9 წლის. საკუთარი ოთახი არ მქონდა, ვერაზე, პატარა ბინაში ვცხოვრობდით,  მისაღებ ოთახში ვიჯექი და ვხატავდი ჩემთვის, ჩუმად. ამ ადამიანმა დახედა ჩემს ნახატს და მკითხა: ტუშით და კალმით ხომ არ გიცდია? მე ვუპასუხე, რომ არასოდეს მქონია არც ტუში და არც კალამი. ცოტა ხანში მან მაჩუქა ორივე – ტუშიც და კალამიც და დღემდე მახსოვს ის აღფრთოვანება და გაოცება, რომელიც განვიცადე ამ მასალით ხატვისას. თურმე, რა დახვეწილი და ჰაეროვანი ხაზების შექმნა შეიძლებოდა კალმით და მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი! ამის მერე ტუში და კალამი გახდა ჩემი მთავარი ხელსაწყო ხატვაში, რამაც განაპირობა გარკვეული სტილის ჩამოყალიბება…
– პირველი ნამუშევრები…
–  არ ვიცი, რატომ, მაგრამ ადრეულ ასაკში, ღრმა ბავშვობას რომ ეძახიან, ვხატავდი ცხენებს. ეს იყო ცხენების აღლუმი – ცხენები ბაფთებით, ნაწნავებით, მძივებით, თეთრი რაშები, შავი, ყავისფერი ცხნები, კოპლებიანი, მდიდრულად მოკაზმული უნაგირებით… ყველაფერს ვერც  ჩამოვთვლი, იმდენად მრავალფეროვან  ცხენებს აფრქვევდა ჩემი ფანტაზია. დედა ამ სურათებს კიდებდა მისაღები ოთახის კედლებზე, ჩარჩოს გარეშე – პირდაპირ აკრავდა ჭიკარტებით და სტუმრებს უკვირდათ, როგორ არ უფრთხილდებოდა რემონტს. რა თქმა უნდა, სხვა სიუჟეტებიც მქონდა, როგორც ყველა ბავშვს – დედა, მამა, ძმა, თოჯინები, ძაღლები და კატები, კარუსელი… მაგრამ ცხენები ჭარბობდნენ და უკონკურენტო პერსონაჟები იყვნენ. ალბათ წინა ცხოვრებაში რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი მაკავშირებდა ამ მშვენიერ ცხოველთან.
მე და ჩემს ძმას ნებას გვრთავდნენ, გვეხატა ფერადი ცარცებით პირდაპირ კედლებზე და ეს იყო სრული ბედნიერება! მაშინ, როდესაც მსგავს საქციელზე სხვა ბავშვებს სჯიდნენ, ჩვენ აბსოლუტური თავისუფლებით ვსარგებლობდოთ.
ერთი სიტყვით, ჩვენი ბინა გადაიქცა პატარა სამხატვრო გალერეად და სტუმრებს ეს ძალიან მოსწონდათ, მიუხედავად იმისა, რომ უკვირდათ მშობლების ასეთი ტოლერანტული დამოკიდებულება, ეს მათთვის უჩვეულო იყო მაშინდელი გაბატონებული წესებისა და ტრადიციების ფონზე.
სამხატვრო აკადემიაში 90-იან წლებში სწავლობდით… სტუდენტობის სიხარულთან ერთად ალბათ პრობლემაც ბევრი იყო…
სამწუხაროდ, სტუდენტობა დაემთხვა ძალიან მძიმე პერიოდს – ეს იყო 1990-იანების დასაწყისი. მხოლოდ პირველი ორი წელი ვისწავლე მშვიდად და გავიგე სტუდენტობის გემო. შემდეგ კი ყველამ ვიცით, რა მოვლენებიც განვითარდა ქვეყანაში, როგორ აერიათ ადამიანებს ჩვეული ცხოვრება და რა გაჭირვებაც მოვიდა.
მახსოვს საშინელი სიცივე აკადემიის აუდიტორიებში და სიცივისგან გალურჯებული „შიშველი ნატურა“ – ასე ეძახიან ადამიანს, რომელსაც ხატავენ აკადემიის სტუდენტები, ადამიანის ანატომიის შესასწავლად. ის საწყალი ახალგაზრდა კაცი საცურაო კოსტიუმით იდგა, და მიუხედავად იმისა, რომ ჩართული იყო პატარა გამათბობელი, საშინლად  კანკალებდა სიცივისგან.
ჩვენ, სტუდენტებს, გვეცვა თბილი ქურთუკები და ხელთათმანები, მიუხედავად ამისა, ჩვენც კი გვციოდა. ხელთათმანებში ხატვა მოუხერხებელი იყო და ამიტომ  ვაჭრიდით „თითებს“.
პირიდან ორთქლი ამოგვდიოდა, აკვარელისთვის განკუთვნილ წყლიან ქილებშიც კი წყალი იყო გაყინული და იმ საწყალ ადამიანს იმდენად უჭირდა მატერიალურად, რომ თანახმა იყო ამ ყინვაში გაშიშვლებულიყო… ტრანსპორტი არ დადიოდა და ლექტორები თვეში რამდენჯერმე თუ შემოგვივლიდნენ. არ ვიცი, რატომ დავდიოდით ლექციებზე – მაინც დიდად არავინ ინტერესდებოდა  ჩვენი ბედით, ისეთი დეპრესია და უიმედობა სუფევდა ყველგან. ალბათ ინერციით დავდიოდით აკადემიაში.
მე ფეხით მივდიოდი, აკადემია ახლოს იყო. სტუდენტების უმრავლესობა კი აცდენდა უტრანსპორტობის გამო და ვისხედით ასე, რამდენიმე გაყინული გოგო აუდიტორიაში (მოდელირებაზე ვსწავლობდი და ბიჭები იშვიათად ხვდებოდნენ ჩვენთან),  ვსაუბრობდით და ანთებული სიგარეტით ვითბობდით ხელებს, თუ „შიშველი ნატურა“ გააცდენდა სეანსს და ხატვა შეუძლებელი იყო. შემდეგ კი გავრბოდით სახლებში, სადაც არანაკლები სიცივე და უშუქობა გხვდვებოდა.  ეს იყო ჩვენი სტუდენტობა…
– თქვენი ნამუშევრები ფერთა უჩვეულო გამას ქმნის, ზღაპრული ატმოსფეროთი… როგორ მუშაობთ, თუ გჭირდებათ შთაგონება?
– შთაგონება  მჭირდება, მაგრამ არა იმ ხარისხით, როგორც ეს ბავშვობაში იყო. მხატვრობა ჩემი პროფესიაა და ხანდახან არ მაქვს საშუალება, მუზების კეთილგანწყობას დაველოდო. მაგრამ ფაქტია, რომ ვგრძნობ, თითქოს რაღაც ძალა მართავს ჩემს ხელს, აზრებს, წარმოსახვას და ზოგადად – ფანტაზიას. შესაძლოა, ეს ზეციური ძალაც იყოს. ფერებიც ასევე, თითქოს კოსმოსიდან, უნივერსუმიდან მოდის – ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ, და, მგონი, არ ვცდები.
– გამოფენიდან გამოფენამდე… რა იცვლება და რას გვეუბნებით ახალს?
– როგორც ყველა ხელოვანი, ვგრძნობ, რომ გამოფენიდან გამოფენამდე ვიზრდები, როგორც მხატვარი. არის დეტალები, რასაც მხოლოდ მე ვამჩნევ. მაგრამ არსებობს დეტალები, რომლებსაც სხვებიც ამჩნევენ. ეს სავსებით ლოგიკურია – ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის რაღაც ახალი, იხვეწება ხედვა და შესრულება. თავადაც ატყობ, რომ ის, რასაც ადრე ზერელედ უდგებოდი, ახლა სხვაგვარად ჩანს და ითხოვს უფრო დიდ ოსტატობას და მეტ ცოდნას, ამიტომ იწყებ ძველი დიდი მხატვრების ტილოების ხელახლა შესწავლას და იმის აღმოჩენას, თუ რა გამოგრჩა. ახლაც ვსწავლობ და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ვიცი და შემიძლია, სხვებს ვასწავლო ხატვა. მე ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ, რადგან ვთვლი, რომ ჯერ შორს ვარ იქამდე, რომ სხვას მივუთითო შეცდომებზე და დავაყენო გზაზე. და არც მაქვს ამის სურვილი, მოუხედავად იმისა, რომ ყოფილა შემოთავაზებები.
„ეს არის უფრო დეკორატიული სილამაზის გადმომცემი, ვიდრე რაღაც ღრმა შინაარსის“, – ეს თქვენი სიტყვებია. თუმცა მე ვერ დაგეთანხმებით, ამ უჩვეულო სილამაზის მიღმა ფარული სათქმელია – ქვეცნობიერიდან რომ მოდის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისას…
– ხო, ალბათ მართალია, რომ მხოლოდ დეკორატივიზმი არ არის მთავარი ნახატებში. პირველ რიგში ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიუჟეტს და მის გმირებს. ანუ, ისტორიას. ბავშვობაშიც, რომ ვხატავდი, ყოველთვის ჯერ ისტორიას, ამბავს ვიგონებდი და მერე ვიწყებდი ამ ამბის დასურათებას. ადრე რატომღაც მწყინდა, რომ არ მეკითხებოდნენ ნახატების სათაურებს (არადა, რამდენი მქონდა ნაფიქრი სიუჟეტზე). ყველა ნახატის მიღმა დგას ამბავი, მოთხრობა, სიუჟეტი – რაც გინდათ, დაარქვით – თავისი მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით. ეს რაც მრავალფიგურიან კომპოზიციებს შეეხება.
ერთფიგურიანებშიც ასევე, მაგალითად, თუ ვხატავდი აღმოსვლელ ქალს ჰარამხანიდან, ვფიქრობდი: აი, ეს არის სულთანის სლავი/ქართველი/არაბი ცოლი. და მერე ვთხზავდი ისტორიას, თუ როგორ მოხვდა ეს გოგონა სულთანის ჰარამხანაში და რა თავგადასავლები გადახდა თავს.  არ ვიცი, როგორ მივედი ამ ტექნიკამდე და როგორ გამომიმუშავდა ეს სტილი – უფრო სწორად, ვხვდები, მაგრამ ეს ცალკე ვრცელი თემაა. ამ პროცესს დასჭირდა გარკვეული პერიოდი და რაღაც მომენტში დამარტყა:  ევრიკა! ეს ის არის, რაც მე მინდა და რაც ყველაზე მეტად ასახავს, რას ვფიქრობ და ვგრძნობ და რისი გადმოცემაც მსურს!  ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ძიების ფაზა დასრულებულია და არ მგონია, რამე ახალი მიგნება მქონდეს. თუმცა, ყველაფერია შესაძლებელი. აქ დავასრულებ, ვინაიდან მერიდება საკუთარი თავის შეფასება და ეს არა ჩემი, არამედ მაყურებლისა და კრიტიკოსების პრეროგატივაა.
– „ვეფხისტყაოსანი“ – გასაოცარი ფერები და სილამაზე… როგორ დაიწყეთ ამ თემაზე მუშაობა? შოთას პოემა ბევრმა დაასურათა და ამ ფონზე იოლი როდია „ვეფხისტყაოსნის“ დასურათება და ორიგინალურად გადმოცემა…
– ამ ბოლო ხნის მანძილზე ბევრისგან მსმენია აზრი, რომ „ვეფხისტყაოსანი“ უნდა დამესურათებინა, მაგრამ ვერ ვბედავდი, დროც არ მქონდა და ახლაც არ ვთვლი, რომ დავასურათე – ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ვარიაციებია რუსთაველის თემაზე, და არა სრულყოფილი ილუსტრაციები, რომლებსაც დასჭირდებოდა არაერთი წელი და ძალიან დიდი შრომა. რამდენიმე წლის წინ იყო  პოემის სასაჩუქრე ვარიანტის გამოცემის შემოთავაზება და მე დავიწყე დასურათება ისე, როგორც შემეძლო. მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელდა, ამიტომ მხოლოდ 15 ნახატი დავხატე და ახლა ეს ნახატები გასხვისებულია.
დიახ, რუსთაველის ილუსტრირება საოცრად რთულია. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ცნობილმა მხატვრებმა სცადეს ეს და ჩემი აზრით, ამისთვის დიდი გამბედაობა და ოსტატობაა საჭირო. ალბათ, იმიტომაც ვერ ვბედავდი. რუსთაველის პოემა იმდენად მრავალწახნაგოვანია, იმდენად ღრმა  იდუმალ/ეზოთერული აზრის მატარებელი, რომ ალბათ ვერცერთი მხატვარი სრულყოფილად მას ვერ დაასურათებს, რადგან შეუძლებელია ამ მისტიკური სიღრმის გადმოცემა უბრალო მატერიალისტური მიდგომით და ხელსაწყოებით, როგორიცაა ფუნჯი და საღებავები. მაგრამ ცდა ყოველთვის შეიძლება, ოღონდ დიდი პრეტენზიების და პათოსის გარეშე -„არიქა! მე „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირება შევძელი!“
ჩემი აზრით, სრულყოფილად ეს ვერავინ შეძლო, და არც მე ვარ გამონაკლისი.  მე ძალიან ფრთხილად მივუდექი საკითხს და ვიფიქრე – რატომაც არ დავხატო ფატმანი, თინათინი, ნესტანი, ავთანდილი ან ფრიდონი? როგორები იქნებოდნენ ისინი ჩემი ხედვით? ასე ვფიქრობდი და არ ვეძებდი რაღაც სიღრმისეულს და რთულად გადმოსაცემს ან აღსაქმელს. ამიტომ დავხატე ისე, როგორც მყავდნენ წარმოდგენილი ეს პერსონაჟები, წიაღსვლების გარეშე. და ამით დავამთავრე. ეჭვი მეპარება, ოდესმე დავუბრუნდე რუსთაველის ილუსტრირებას – ეს ჩემს ძალებს აღემატება.
აღმოსავლეთის ხიბლისპარსული და ქართული შუა საუკუნეების პოეზიის კრებული დაასურათეთ…  როგორ მუშაობდით?
-„აღმოსავლეთის ხიბლი“ არის ირანულ-ბრიტანულ-ქართული პროექტი, რომლის სულის ჩამდგმელი და დამფინანსებელი იყო ერთი საოცარი ინგლისელი ქალბატონი, ჩემი მეგობარი, აწ გარდაცვლილი – ედნა ფორტესქიუ,  ხელოვნების მოტრფიალე, დახვეწილი ესთეტი  და მეცენატი. მას გაუჩნდა ეს იდეა, როდესაც გამიცნო და ნახა ჩემი ნახატები. ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა ძალიან ლამაზი წიგნი, სპარსული პოეზიის კრებული, სადაც რუსთაველის პოემიდანაც რამდენიმე სტროფია ჩართული. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიადვილდა ამ წიგნის დასურათება. ნახატები თითქოს თავისით იხატებოდა და შთაგონება იყო ძალზე ძლიერი.
მე თვითონ  გამიკვირდა, ისე მარტივად და სწრაფად გავაკეთე ყველაფერი. ყოველგვარი ტანჯვისა და ძიების გარეშე. თითქოს  ომარ ხაიამი, საადი და რუმი, რუსთაველის თამადობით, ისხდნენ ჩემს სახელოსნოში და ჩამჩურჩულებდნენ, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. და მგონი, მართლაც ასე იყო.
– თქვენი ნამუშევრები შუასაუკუნეების ევროპასა და აზიაში გვამოგზაურებს... სამყაროს ორი ნაწილის ჰარმონიული შერწყმა – ასე შეაფასეს თქვენი შემოქმედება. თავად თქვენ რას იტყოდით?
– დიახ, მეცინება, მაგრამ მე ხიდივით ვგრძნობ თავს აზიასა და ევროპას შორის, რაც არაა გასაკვირი, რადგან ქართველი ვარ და საქართველო ყოველთვის სადღაც შუაში იყო, გზაგასაყარზე ევროპასა და აზიას შორის.
ისე კი, მე თვითონ ვერ ამიხსნია ეს ფენომენი – რატომ მიზიდავს იმ დროის სამყაროს ეს ორი მხარე – ევროპა და აზია. უფრო სწორად, ეს იმდენად ღრმა თემაა, რომ ამის ახსნას ძალიან დიდი დრო და წიაღსვლები დასჭირდება.
– როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენზე. დადებითად თუ ურაყოფითად?
– როგორც ხელოვანზე – დადებითად. გაყიდვები გაიზარდა. ზოგადად კი… ფილოსოფიურად ვუდგები ამ საკითხს და არ ვაძლევ ამ მოვლენას იმის საშუალებას, რომ ფარ-ხმალი დამაყრევინოს და ნიჰილისტური განწყობა  გააღვივოს ჩემში.
– ჰობი…
– აქამდე ჰობი არ მქონია, მაგრამ, რაც სოფელში გადავედი საცხოვრებლად, ვფიქრობ, მეყვავილეობა გახდება ჩემი ჰობი. უზარმაზარ სიამოვნებას და სიხარულს მგვრის ყოველი კოკორი და  გაფურჩქნული ყვავილი. როგორც იტყვიან, ყვავილები არის ბუდას უსაზღვრო სიყვარულის გამოვლენა დედამიწაზე. და მე ამას ვეთანხმები.
– სამომავლო გეგმები…
– კონკრეტული გეგმები არ მაქვს, მივყვები დინებას და ვტკბები ჩემი ცხოვრების მეტამორფოზით და ახალ ხარისხში გადასვლით – სოფელში, ბუნებასთან ახლოს,  სილამაზეში.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები