აშშ-ის საელჩო უკრაინის ხელისუფლებას ღონღაძის მკვლელების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, პასუხისგებაში მისცენ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელები და ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო მის გატაცებასა და მკვლელობაში 2000 წელს.
ამის შესახებ განცხადება საელჩოს Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
”ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გაუჩინარების 21 წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს მისი მკვლელები და ყველა, ვინც მონაწილეობდა მის გატაცებასა და მკვლელობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლებას ღონღაძის, კემეროვისა და შერემეტის მკვლელობების გამოძიებისკენ ევროპულმა საბჭომაც მოუწოდა.
2020 წლის დეკემბერში, ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა უკრაინის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების განხორციელება საქმეზე – “ღონღაძე უკრაინის წინააღმდეგ” და გამოხატა შეშფოთება დაუსრულებელი გამოძიების გამო 20 წლის შემდეგაც.
წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტი, გიორგი ღონღაძე 2000 წლის 17 სექტემბერს გაიტაცეს და მოკლეს. ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება გადაიზარდა ხმაურიან სკანდალსა და პროტესტებში მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ.
ჟურნალისტის მკვლელების ძებნა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა, მის სიკვდილთან დაკავშირებული ორი ადამიანი დააპატიმრეს 2005 წლის მარტში, ხოლო მესამე – 2009 წლის ივლისში.
მისმა ქვრივმა, მიროსლავა ღონღაძემ და მათმა შვილებმა მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 2001 წლამდე ცხოვრობდნენ.
ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1645, რომელშიც მოუწოდა უკრაინის პროკურატურას, გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა გიორგი ღონღაძის მკვლელებისა და მკვლელობის ორგანიზატორების საპოვნელად.
გიორგი ღონღაძე 1969 წლის 21 მაისს თბილისში ქართველი არქიტექტორის, რუსლან ღონღაძისა და უკრაინელი სტომატოლოგის, ალექსანდრა ღონღაძის ოჯახში დაიბადა.
1980-იანების ბოლო – 1990-იანების დასაწყისი მან თბილისსა და ლვოვს შორის გაატარა, სადაც რომაულ-გერმანული ენების უნივერსიტეტში სწავლობდა.
1987-1989 წლებში ავღანეთში მსახურობდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი 9 აპრილის მოვლენებში მიიღო მონაწილეობა.
ის ასევე მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. აფხაზეთში მასთან ახლოს ჭურვი აფეთქდა, ღონღაძე დაიჭრა. აფხაზეთის ომზე მან ორი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
2005 წლის 23 აგვისტოს პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.