პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების ჭრილში მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა ახსენა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ის მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას.

მისივე თქმით, უკრაინა, მოლდოვა, ასევე, სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც რეფორმებს ატარებენ და ცდილობენ, გახდნენ ბლოკის წევრები, უნდა მიიღონ ასეთი შესაძლებლობა.

ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, Arraiolos ჯგუფის წევრების შეხვედრაზე თქვა.

პოლონეთის პრეზიდენტი კოლეგებს ევროკავშირის როლის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მისი განვითარების თეზისები წარადგინა.

მისი თქმით, “პირველ ყოვლისა, გლობალურ თამაშში ევროკავშირის ძლიერი პოზიციის შექმნა არ უნდა ხდებოდეს ნატო-სა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ხარჯზე. მეორე მხრივ, ევროკავშირმა, თუ მას ნამდვილად სურს, იყოს ევროპული – უნდა განახორციელოს ღია კარის პოლიტიკა. და ის არ შეიძლება, იყოს კლუბი. მესამე: ტერმინების “ავტონომია” ან “სტრატეგიული სუვერენიტეტის” გამოყენება ევროკავშირის კონტექსტში, უნდა მოიცავდეს ეროვნული სახელმწიფოს პატივისცემას”.

“თუმცა, ევროკავშირის გლობალური პოზიციის შექმნისას ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი თავი. ჩვენი საზოგადოების სიძლიერე და მისი აღქმა მსოფლიოში უნდა იყოს მისი ავტორიტეტის შედეგი. ჩვენ არ ვიქნებით სანდო, თუ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ახორციელებენ რეფორმებს და სურთ ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანება, არ მიეცემათ ამის შესაძლებლობა. ამიტომ, მე ვსაუბრობ გაფართოებაზე. ჩვენ ვართ ევროპა, კონტინენტი და არა – “კლუბი ელიტისთვის”.

ამიტომ, ჩვენ ღია უნდა ვიყოთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, მათთვის, ვინც უკვე ატარებს რეფორმებს კავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, “რკინის ფარდის” დაცემიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ევროპის ტერიტორია კვლავ გაყოფილია.

დღეს ფარდები არა რკინისგან არის დამზადებული, არამედ – საბაჟო ბარიერებისგან, სავიზო შეზღუდვებისა და წევრობის პერსპექტივების არარსებობისგან. მე ამას ღიად ვამბობ: ჩვენს უშუალო სიახლოვეს არიან ევროპული ქვეყნები, რომლებიც უნდა იყვნენ ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ცოტა ხნის წინ, მოლდოვაში ვიყავი დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით. მე იქ ვნახე ახალგაზრდები, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან თავიანთი ქვეყნის შეცვლით. ჩვენ, ყველამ ვნახეთ უკრაინა 2014 წელს, სადაც ახალგაზრდა პატრიოტები და დემოკრატები დაიღუპნენ ბარიკადებზე თავიანთი ქვეყნისთვის, რომ ერთ დღეს ევროპულ საზოგადოებაში შევიდნენ.

ამიტომ, თუ ჩვენ გვსურს, რომ კავშირი იყოს მართლაც ევროპული, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გაფართოების პოლიტიკა. პოლონეთში არსებობს კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. პოლონეთის კიდევ ერთი პრეზიდენტი იქნება აქ 10-15 წელიწადში და იმავეს იტყვის, სანამ საკითხი წინ არ წავა, რადგან გარწმუნებთ, რომ პოლონეთი არ შეწყვეტს არსებობას მანამ, სანამ ეს დაყოფა “მოკავშირეებად და არამოკავშირეებად” არ დასრულდება. რადგან, ქალბატონებო და ბატონებო, დაყოფილ კონტინენტს არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე სტრატეგიული ავტონომია”, – თქვა ანჯეი დუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები