ბრიტანეთმა, აშშ-მა და ავსტრალიამ ახალი თავდაცვითი პარტნიორობა ჩამოაყალიბეს

ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ ახალი თავდაცვითი პარტნიორობა – Aukus-ი ჩამოაყალიბეს – მოწინავე ტექნოლოგიების გაცვლისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის დაბალანსების მიზნით.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

განცხადებები გააკეთეს აშშ-ის პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა – ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერმინისტრმა – სკოტ მორისონმა.

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ Aukus-ის “შექმნის მთავარი მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამივე ქვეყნის საერთო ინტერესია”.

”AUKUS-ი გააერთიანებს ჩვენს საზღვაო პროფესიონალებს, მეცნიერებსა და მრეწველობას, რათა შეინარჩუნონ და გააფართოონ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები და კრიტიკული ტექნოლოგიები”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

კერძოდ, პარტნიორობა ავსტრალიას პირველად მისცემს საშუალებას, ააშენოს ბირთვული წყალქვეშა ნავები, მაგრამ – აღჭურვილი ჩვეულებრივი იარაღით. ამასთან დაკავშირებით, ქვეყანამ უარი თქვა საფრანგეთთან კონტრაქტზე – 31 მილიარდ ევროზე 2016 წლიდან, რომელიც ითვალისწინებდა ფლოტისთვის 12 წყალქვეშა ნავის მშენებლობას და იყო ავსტრალიის ყველაზე დიდი თავდაცვითი კონტრაქტი. თუმცა, პროექტმა განიცადა მნიშვნელოვანი შეფერხებები იმის გამო, რომ მოითხოვდა რიგი კომპონენტების ექსკლუზიურად ადგილობრივი წარმოების გამოყენებას.

Aukus-ი ასევე ითვალისწინებს ურთიერთქმედებას ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები