ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან – კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებათნ შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, შვედეთის სამეფოსა და სლოვენიის ელჩები, აგრეთვე, ბელგიის სამეფოს, ბულგარეთის, ესპანეთის სამეფოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს 2 ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა, ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

შს მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულ, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები