უკრაინა ევროკომისიისგან, დახმარების სახით, 60 მილიონ დოლარს მიიღებს

ევროკომისიამ უკრაინისთვის გამოსაყოფი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში შეათანხმა.

გადაწყვეტილება 13 სექტემბერს იქნა მიღებული.

ევროკომისიის პრესსამსახურში განმარტეს, რომ “გადაწყვეტილება შედეგია ურთიერთგაგების მემორანდუმში განსაზღვრული პირობების შესრულების პოზიტიურ შეფასების, ასევე, კარგი პროგრესის, რომელიც უკრაინას აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელებაში. მოსალოდნელია, რომ სახსრების გამოყოფა ოქტომბერში მოხდება”.

აღნიშნულს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა უკრაინაში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასებისთვის.

“ეს კი ევროკავშირისა და უკრაინის სოლიდარობის ნიშანია გამოწვევების დაძლევისა და კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში”, – დაწერა ზელენსკიმ.

600 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში უკრაინამ 2020 წლის დეკემბერში მიიღო, COVID-19-თან დაკავშირებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამის სახით.

ამ დახმარების საგანგებო ხასიათის გათვალისწინებით, პირველი გადახდა განხორციელდა უკრაინის მხრიდან რაიმე კონკრეტული პირობის შესრულების გარეშე.

მეორე ტრანშის გაცემა განპირობებული იყო მემორანდუმში მითითებული რვა კონკრეტული ღონისძიების განხორციელებით. ეს მოიცავს ღონისძიებებს საჯარო ფინანსების მართვის, ანტიკორუფციული, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და საჯარო საწარმოების მართვის სფეროებში.

მოთხოვნების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენდა მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიისა და მართლმსაჯულების უზენაესი საბჭოს რეფორმა და მიღებულ იქნა ორი ძირითადი კანონი.

აგვისტოში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა თქვა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა ძირითადი პირობა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მისაღებად, მაგრამ მისი მიღება შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები