„დღეში მინიმუმ 35 000 აცრაზე უნდა ავიდეთ, ეს, საბოლოოდ, პოპულაციურ იმუნიტეტს გამოიწვევს, სხვა გზა არ გვაქვს“ – დევი ტაბიძე

“რაოდენობრივად დღეში მინიმუმ 35 000 აცრაზე უნდა ავიდეთ. ეს არის ჩვენი მინიმუმი, რომელიც, საბოლოოდ, პოპულაციურ იმუნიტეტს გამოიწვევს. სხვა გზა არ გვაქვს”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აცრების რაოდენობამ იკლო. როგორც დევი ტაბიძემ განაცხადა, რაც მეტი აცრა ჩატარდება, კორონავირუსის მოსალოდნელ, მეხუთე ტალღას ძალიან მარტივად შევხვდებით.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია, შეიძლება ითქვას, რომ დადებითი დინამიკისაა. ამაზე რიცხვებიც მეტყველებენ. მაგრამ მე პირადად და ჩვენ, ყველას გვინდა, რომ გარდაცვალების რიცხვი უფრო ნაკლები იყოს. სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით ასე არაა. წინა პერიოდში მძიმე პაციენტების რაოდენობა დაგროვდა, გამოსავლებიც, პრაქტიკულად, ასეთია. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და გარდაცვალების რაოდენობა შემცირდეს. ეს ჰოსპიტალური სექტორის ერთერთი ძირითადი დანიშნულება და მიზანია. რაც შეეხება იმას, როგორ მივუდგეთ ამ ყველაფერს, აქ არის ძალიან მარტივი, კომპლექსური მიდგომა: ეს არის პირბადის ტარება და ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი გვაქვს, რომ ვაქცინაციის რაოდენობამ იკლო. აქ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება ჩანს: რაკი ინფიცირებულთა რაოდენობამ დაიწია, ამიტომ, ნაკლები აცრა უნდა ჩავატაროთო. პირიქით, რაც მეტი აცრა იქნება და ვაქცინაცია წარმატებულად ჩატარდება, მოსალოდნელ მეხუთე ტალღას ძალიან მარტივად შევხვდებით, ან შეიძლება, ისე გადავიაროთ, რომ მეხუთე ტალღა არ დავარქვათ. მაგრამ ეს აუცილებლად იქნება, გამომდინარე იქწდან, რომ ვხედავთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში „ლოქდაუნები“ გრძელდება. ასე რომ, ამ მომენტისთვის უკვე გვაქვს იმის საშუალება, რომ ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინა მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული. რაოდენობრივად დღეში მინიმუმ 35 000 აცრაზე უნდა ავიდეთ. ეს არის მინიმუმი, რომელიც, საბოლოოდ, პოპულაციურ იმუნიტეტს გამოიწვევს. სხვა გზა არ გვაქვს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

მისივე თქმით, ვირუსის მეოთხე ტალღის დროს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი არ მომხდარა და დახმარება ყველა პაციენტს გაეწია.

„ძალიან დიდი შრომის შედეგია ის, რომ ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი არ ჩამოყალიბდა. დახმარება, პრაქტიკულად, ყველა პაციენტს გაეწია. პედიატრიული საწოლები დაემატა, მზადყოფნაში იყო საველე ჰოსპიტალი, რომელშიც ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტმა გაიარა, საწოლფონდის გამოჩენის შემდეგ ეს ყველაფერი ისევ ჰოსპიტლებს დაუბრუნდა. ასე რომ, გადავრჩით და საველე ჰოსპიტლები არ გამოვიყენეთ ისე, რა დანიშნულებაც მათ აქვთ. მინდა, მივმართო მოსახლეობას, რასაც საზოგადოებასთან ერთად მივაღწიეთ, ამ ყველაფერს წყალში ნუ გადავყრით და დადებითი ტენდენცია შევინარჩონოთ, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 37 717 ტესტი ჩატარდა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 221 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ჩატარდა 1 534 111 აცრა, დღიურად აცრილია 26 125 ადამიანი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები