მერკელი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება დიდი გეოსტრატეგიული ინტერესია. ამის შესახებ მერკელმა ბელგრადში ვიზიტისას თქვა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მერკელი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრე ვუჩიჩს შეხვდა.
შეხვედრა სამთავრობო კომპლექს “სერბეთის პალატაში” დახურულ კარს მიღმა გაიმართა და შემდეგ ლიდერებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
“ვიცი, არსებობს მოსაზრება, რომ ინტეგრაციის პროცესი ნელა მიდის და ევროპული მხარე ახალ მოთხოვნებს აყენებს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ უამრავ შედეგსა და პროგრესს. მაგრამ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეთ მხედველობაში, რომ არსებობს დიდი გეოსტრატეგიული ინტერესი, ყველა ეს ქვეყანა იყოს მიღებული ევროკავშირში”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მანამდე, გახდა ცნობილი, რომ მერკელი 13-14 სექტემბერს ეწვევა სერბეთსა და ალბანეთს, სადაც შეხვდება როგორც ორი ქვეყნის ლიდერებს, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებს.