ნორვეგიაში საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა – მთავრობას “მუშათა პარტია” დააკომპლექტებს

ნორვეგიაში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა მუშათა პარტიამ და მისმა ლიდერმა, იონას გარა სტერემ მოიპოვა, რომლებსაც მხარი არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების 24,6%-მა დაუჭირა მაშინ, როდესაც კონსერვატიულ პარტიასა და მის ლიდერ ხეირე ერნა სულსბერგს ხმების 20,5% ერგო.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებდნენ, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ, მთავრობის ცვლილება მოხდებოდა.

მოსალოდნელია, რომ მუშათა პარტია 169-ადგილიან პარლამენტში მანდატების უმრავლესობას მიიღებს.

ნორვეგიის მოქმედმა პრემიერმინისტრმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ხეირე ერნა სულბერგმა მარცხი უკვე აღიარა. მისი თქმით, სტერემ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რომ მთავრობა დააკომპლექტოს, მისი მთავრობის მუშაობა კი, “ამ ეტაპზე, დასრულებულია”.

თავის მხრივ, სტერემ ამომრჩეველს უთხრა – “კარგად ვიმუშავეთ და საბოლოოდ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ეს შევძელით”.

მიღებული შედეგების მიხედვით, 61 წლის მილიონერი, სტერე ხდება ნორვეგიის პრემიერმინისტრობის სავარაუდო კანდიდატი, თუ ის შეძლებს მემარცხენე ბლოკის კოალიციის შექმნას ცენტრისტულ პარტიასა და სოციალისტურ მემარცხენე პარტიასთან ერთად.

იონას გარა სტერე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა ნატო-ს ამჟამინდელი გენერალური მდივნისა და მაშინდელი პრემიერმინისტრის – იენს სტოლტენბერგის მთავრობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები