მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მესამედ იბრძოლებს
საფრანგეთის მემარჯვენე პარტიის – “ეროვნული გაერთიანების” ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ Politico წერს.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ის გახდება “საფრანგეთის თავისუფლებების პრეზიდენტი” და დაადანაშაულა პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი “ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საზოგადოების” შექმნაში. აღნიშნულში პოლიტიკოსი გულისხმობს “ჯანმრთელობის პასპორტების” შემოღებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ადგილობრივი ექსპერტების პროგნოზით, ლე პენი და მაკრონი აპრილში ერთმანეთს კვლავ შეეჯიბრებიან და არჩევნების მეორე ტურში ლე პენი ისევ დამარცხდება.
თუმცა, ლე პენს ჰყავს პოტენციური კონკურენტი – სკანდალური სატელევიზიო ვარსკვლავი – ერიკ ზემური, რომელიც ულტრამემარჯვენე ამომრჩევლების სიმპათიებს იმიგრაციისა და ისლამის მიმართ მკაცრი მიდგომით მოიპოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია თავისი კანდიდატურა, ზემურის საპრეზიდენტო ამბიციები არ არის საიდუმლო საფრანგეთში. ამან შეიძლება, მემარჯვენე ელექტორატი გაყოს და, გამოკითხვების ვარაუდით, მან შესაძლოა, ხმების 8% -მდე მიიღოს.