გერმანიაში ვაქცინაციის კვირეული დაიწყო
გერმანიაში დღეიდან, აცრის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საყოველთაო ვაქცინაციის კვირეული დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის მოქალაქეებს იმუნიზაციის გავლა უფასოდ და წინასწარი ჩაწერის გარეშე, სპეციალურად გახსნილ პუნქტებთან შეეძლებათ.
აცრის პუნქტები შექმნილია სავაჭრო ცენტრებში, ბიბლიოთეკებში, ტრამვაის ვაგონებში, მეჩეთებსა და სხვა ადგილებში.
მოსახლეობას კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიმართა და მოუწოდა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.
“აქამდე არასდროს ყოფილა ასე მარტივი ვაქცინის მიღება”, – თქვა მან.
გერმანიაში ამჟამად კორონავირუსისგან მთლიანად მოსახლეობის 62%-ია აცრილი და, ამ ფონზე, ბოლო დროს ვაქცინაციის ტემპები შემცირებულია.
რობერტ კოხის ინსტიტუტის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსი 5511 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 762 ინფიცირებულით მეტია, ვიდრე წინა კვირას იყო. ვირუსს კიდევ 12 პაციენტი შეეწირა.