ჯანმო-მ ბუსტერ დოზებზე მორატორიუმი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზების შეყვანის მორატორიუმის ვადა გაახანგრძლივა.
როგორც დღეს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, მორატორიუმი წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.
“ერთი თვის წინ ქვეყნებს მოვუწოდე, გლობალური მორატორიუმის გამოცხადებისკენ სექტემბრის ბოლომდე მაინც, რომ პრიორიტეტული ყოფილიყო მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანების აცრა, რომლებიც რისკ ჯგუფში შედიან, მაგრამ ამ დრომდე ვაქცინის პირველი დოზაც არ აქვთ მიღებული. სამწუხაროდ, მას შემდეგ გლობალური მდგომარეობა ცოტა შეიცვალა. ამიტომ, დღეს მე ვითხოვ მორატორიუმის გაგრძელებას, სულ მცირე, წლის ბოლომდე, რომ მივცეთ შესაძლებლობა თითოეულ ქვეყანას, საკუთარი მოსახლეობის, სულ მცირე, 40% მაინც აცრას,” – თქვა მან.
მისი თქმით, მესამე დოზა შეიძლება, საჭირო გახდეს მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფისთვის, მაგალითად, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პირველადი ვაქცინაციის შემდგომ არ განუვითარდათ საკმარისი იმუნური პასუხი ან რომლებმაც შეწყვიტეს ანტისხეულების წარმოება.
”ამ დროისთვის, ჩვენ არ გვსურს, რომ გამაძლიერებელი დოზები ფართოდ გავრცელდეს ჯანმრთელ ადამიანებს შორის, რომლებიც სრულად არიან აცრილი,” – თქვა გებრეისუსმა.