ჩინეთი “თალიბანთან” თანამშრომლობისთვის არის მზად და უახლოეს დროში ავღანეთში ვაქცინებს, საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს გაგზავნის
ჩინეთი „თალიბანის“ მთავრობასთან ურთიერთობებისთვის არის მზად და ამას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა, – იტყობინება Reuters-ი.
„ჩინეთი ავღანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. იმედი გვაქვს, რომ ავღანეთის ახალი ხელისუფლება გაითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებსა და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს“, – განაცხადა ვენბინმა.
დღესვე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან ინმა განაცხადა, რომ პეკინი ავღანეთს 200 მილიონი იუანის (დაახლოებით, 30,9 მილიონი დოლარის) ღირებულების საკვებ პროდუქტებს, ზამთრისთვის აუცილებელ მარაგს, ვაქცინებსა და მედიკამენტებს გადასცემს.
”ავღანელი ხალხის საჭიროებების შესაბამისად, ჩინეთმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ მიაწოდოს საკვები პროდუქტები, ზამთრის საქონელი, ვაქცინები და მედიკამენტები, ჯამურად, 200 მილიონი იუანის ღირებულების”, – თქვა ვან იმმა.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა შექმნის უსაფრთხოების შესაბამის პირობებს, ჩინეთი მზადაა, დაეხმაროს ავღანეთს იმ პროექტების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. პეკინი ასევე მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ავღანეთის მშვიდობიან აღმშენებლობასა და ეკონომიკურ განვითარებას.