ფაშინიანმა ერდოღანის წინადადებას უპასუხა: მე მზად ვარ

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის არის მზად.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა საჯაროდ გააკეთა კომენტარი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობაზე.

“ამ განცხადებებში ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, საგზაო და სარკინიგზო კავშირების აღდგენაზე. ჩვენ მზად ვართ ასეთი საუბრისთვის, რომელსაც შეუძლია, ფართო კონტექსტი მიიღოს”, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ, ფაქტობრივად, საუბარია რეგიონის გზაჯვარედინად ქცევაზე, რომელიც ჩრდილოეთს სამხრეთთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ასევე, ევროკავშირი, კერძოდ, საფრანგეთი და აშშ არიან დაინტერესებულნი ამ პროცესით. გარდა ამისა, ცნობილია ჩინეთისა და ინდოეთის დამოკიდებულება რეგიონში საკომუნიკაციო პროექტების განვითარებისადმი.

მან ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას განიხილავს, როგორც სომხეთის ხელისუფლების გრძელვადიან სტრატეგიას.

29 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ანკარა მზად არის ერევანთან ურთიერთობის ეტაპობრივი ნორმალიზებისთვის. ამის შესახებ ერდოღანმა ერევნიდან წამოსული სიგნალების შემდეგ თქვა.

“თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზებისთვის, მისი შემრიგებლური განცხადებების ფონზე”, – თქვა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა სომხეთის ახალ მთავრობას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ “რეგიონს კონსტრუქციული მიდგომა სჭირდება”. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ, უთანხმოების არსებობის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია მეზობლური ურთიერთობების განვითარება “ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე”.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი გამოდის ინიციატივით სომხეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ამ “მიდგომის წყალობით გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის განვითარებისათვის”.

“ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, რომელთაც სურთ, გამოიყენონ ასეთი ისტორიული შანსი. დღის წესრიგში არის ჩვენი წინადადება, შეიქმნას “ხუთეულის პლატფორმა” ან “ექვსეულის პლატფორმა”, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანისა და სომხეთის მონაწილეობით. ჩვენ შევთავაზეთ ამაში საქართველოს ჩართვაც. თუ ასეთი პლატფორმა იქნება ორგანიზებული, რეგიონი გაცილებით მშვიდი გახდება”, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები