თამარ გაბუნია: „ტოცილიზუმაბი“ კონკრეტულ პაციენტებში გამოიყენება, ამას ანაზღაურებს სახელმწიფო, არცერთ შემთხვევაში პაციენტის ოჯახმა პრეპარატი გარეთ არ უნდა ეძებოს
„ტოცილიზუმაბი“ არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძალიან მკაცრი ჩვენებების მქონე კონკრეტულ პაციენტებში. ქვეყანაში მისი გამოყენება ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული ეტაპებიდან დაიწყო”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
რაც შეეხება მედიკამენტის მოწოდებას, როგორც თამარ გაბუნია ამბობს, მისი ერთადერთი მომწოდებელი არის „როშე“ და ოფიციალური სადისტრიბუციო არხებით არის გადანაწილებული კონკრეტულ კლინიკებში.
„მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდებოდა მისი გამოყენება. ბოლო პერიოდში „ტოცილიზუმაბის“ ეფექტურობასთან დაკავშირებით მეტი მონაცემი გაჩნდა, მაგრამ მისი ჩვენებები ამით არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე, კონკრეტულ პაციენტს შეიძლება, დასჭირდეს ეს მედიკამენტი. მომწოდებელი არის „როშე“. გარკვეული გეგმაზომიერებით ხდება მედიკამენტის მოწოდება. ის რაოდენობა, რომელიც შემოვიდა, წინაწარ ჰქონდათ კლინიკებს უკვე შეკვეთილი. ამ კლინიკებში ყველაზე მძიმე პაციენტები ხვდებიან და აქამდეც იყენებდნენ „ტოცილიზუმაბს“ გარკვეული შემთხვევებისთვის. თუმცა მოხდა ისე, რომ მედიკამენტის თაობაზე ფართო მედიასაშუალებებით საუბარს მოჰყვა გარკვეულწილად არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბება მის დანიშნულებასთან დაკავშირებით. ამას გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, რაიმე გარემოებიდან გამომდინარე, ვიღაც ბოროტადაც კი იყენებს და ოჯახებს ეუბნება, რომ თავად უნდა იყიდონ ეს მედიკამენტი, იშოვონ და მოიტანონ. ასე ეს მედიკამენტი არსად არ იყიდება, ოფიციალური სადისტრიბუციო არხებით არის გადანაწილებული კონკრეტულ კლინიკებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც გაბუნია ამბობს, როდესაც პაციენტი აუცილებლად საჭიროებს „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობას, შეზღუდული რაოდენობის გამო, კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება.
მისივე თქმით, მედიკამენტის შესაძენად პაციენტის მხრიდან არავითარი თანხის მობილიზება არ არის საჭირო.
„ერთადერთი რის ფასილიტაციასაც სამინისტრო ცდილობს, როდესაც არის კონკრეტული ჩვენება და დასაბუთებული საჭიროება, იმ კლინიკას, სადაც მეტია მედიკამენტის მარაგი, ვთხოვთ, რომ გადაანაწილოს სხვა კლინიკაში. ამას ანაზღაურებს სახელმწიფო, არც ერთ შემთხვევაში პაციენტმა და მისმა ოჯახმა პრეპარატი გარეთ არ უნდა ეძებოს“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ამასთან, როგორც ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გაბუნიამ აღნიშნა, მედიკამენტთან დაკავშირებით არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს და პაციენტმა, მისმა ოჯახმა პრეპარატი შესაძენად არ უნდა ეძებოს.
თუმცა, მგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, შესწავლა შესაბამისი ორგანოების დახმარებით მოხდება.
„ჩვენ ვიკვლევთ და, რა თქმა უნდა, შევისწავლით, შესაბამის ორგანოებს ვთხოვთ დახმარებას, რომლებიც მსგავს საკითხებზე მუშაობდნენ. ძალიან საყურადღებოა, ზოგადად მიუღებელი და არანაირად გამართლებული არ არის ოჯახს ვთხოვოთ, მოძებნოს პრეპარატი. როცა იქნება საჭირო, ქვეყანაში არის იმდენი დოზა, რომ ჩვენ მოვახერხოთ გადანაწილება. ასე თავისუფლად პრეპარატი არსად არ იყიდება. თუკი ვინმეს სჭირდება პრეპარატი, მისი მობილიზება ხდება ძალიან სწრაფად“, – განაცხადა გაბუნიამ.