ABBA დაბრუნდა – შვედური ჯგუფი ბოლო 40 წლის შემდეგ პირველ ალბომს გამოუშვებს

ლეგენდარული შვედური ჯგუფი – ABBA 40 წლის შემდეგ პირველ ალბომს გამოუშვებს, სახელწოდებით – Voyage, რომელიც 5 ნოემბერს გამოვა.

ამის შესახებ თავად ჯგუფის წევრებმა YouTube-ზე სპეციალური პირდაპირი ტრანსლაციის დროს თქვეს.

როგორც მუსიკოსმა, ბენი ანდერსონმა თქვა, “თავდაპირველად, ორი სიმღერა ჩავწერეთ, მერე ვთქვით: “იქნებ, კიდევ რამდენიმე ჩავწეროთ”.

ჯამურად, 10 სიმღერა ჩაიწერა.

ABBA “რევოლუციურ შოუსაც” აანონსებს, რომელზეც ჯგუფის წვერების ჰოლოგრამები ლეგენდარულ ჰიტებს – Mamma Mia-სა და Waterloo-ს შეასრულებენ, ბილეთები  7 სექტემბრიდან გაიყიდება.

ამჟამად, მსმენელს ორი სიმღერის მოსმენის შესაძლებლობა აქვს: I Still Have Faith In You და Donʼt Shut Me Down.

შვედური პოპ-ჯგუფი სტოკჰოლმში 1972 წელს ჩამოყალიბდა, მისი მუსიკოსები არიან: აგნეტა ფელტსკუგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი.

ჯგუფი 1972-1982 წლებში ჩარტების სათავეებში ხვდებოდა. პირველი გამარჯვება ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 1974 წელს მოიპოვეს, რამაც შვედეთს ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა.

ჯგუფს მსოფლიოში გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი და ცნობილია, რომ წელიწადში დამატებით, დაახლოებით, მილიონი დისკი იყიდება. ABBA არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური კოლექტივი მუსიკის ისტორიაში.

ჯგუფის აქტიურობის პერიოდში ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინებულები იყვნენ, ისევე როგორც ლიუნგსტადი და ანდერსონი. ABBA-ს პოპულარობის პიკის პერიოდში ორივე წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. 1979 წელს ერთმანეთს გაეყარნენ ულვეუსი და ფელტსკუგი, ხოლო მოგვიანებით, 1981 წელს – ანდერსონი და ლიუნგსტადი. შედეგად, ამან გავლენა იქონია ჯგუფის მუსიკაზეც და კოლექტივის უფრო გვიანდელი სიმღერები გამოირჩევა, უფრო მეტად, თვითანალიზით სავსე ტექსტებით.

1983 წლის დასაწყისში, დაშლის შემდეგ ანდერსონი და ულვეუსი განაგრძობდნენ სცენისათვის მუსიკის შექმნას, ხოლო ლიუნგსტადი და ფელტსკუგი სოლო კარიერებით დაკავდნენ, რომლებსაც შერეული წარმატება ხვდა წილად.

ABBA-ს მუსიკის პოპულარობამ ოდნავ იკლო, მაგრამ ფილმებში – „პრისცილას, უდაბნოს დედოფლის თავგადასავლები“ და „მიურიელის ქორწილი“ მათი სიმღერების შეტანის შემდეგ ინტერესმა კოლექტივის მიმართ კვლავ იმატა. ამას მოჰყვა არაერთი ჯგუფის შექმნა, რომლებიც ABBA-ს მუსიკას უკრავდნენ. 1999 წელს ABBA-ს მუსიკა ადაპტირებული იქნა წარმატებული მიუზიკლისათვის – Mamma Mia!, რომელმაც მსოფლიო მოიარა. მის მიხედვით გადაღებული იქნა ფილმი, რომელიც 2008 წელს გამოვიდა ბრიტანეთში და წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა.

2010 წლის 15 მარტს ნიუ იორკში გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები