გიორგი გახარიამ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრა ისნის რაიონიდან დაიწყო

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა – გიორგი გახარიამ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრა ისნის რაიონიდან დაიწყო.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია მოსახლეობას პარტია „საქართველოსთვის” თბილისში ისნის მაჟორიტარობის კანდიდატთან, დავით გოგიძესა და პარტია „საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს სიის წევრთან – ტატა ხვედელიანთან ერთად შეხვდა.

„ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია – მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, განათლება აქ მივიღე და ყველაფერი ამ ქალაქთან არის დაკავშირებული”, – მიმართა გიორგი გახარიამ ისნის მოსახლეობას.
„ჩვენ რასაც ვამბობთ – იმას ვაკეთებთ. ტყუილებს არ ვპირდებით ადამიანებს და ამით არც ჩვენს თავს ვაყენებთ შეურაცხყოფას და არც სხვას. რაც არ არის გაკეთებადი, იმაზე ვიტყვით, რომ არ არის გაკეთებადი. თქვენ მე მიცნობთ – მე შეცდომაც ბევრი დამიშვია, საქმეც ბევრი გამიკეთებია – მაგრამ ყოველთვის რაც მითქვამს ის გამიკეთებია და ვიცოდი რას ვემსახურებოდი, პარტიას და ვიღაც ადამიანებს კი არ ვემსახურებოდი – ქვეყანას და სახელმწიფოს ვემსახურებოდი და ასე გავაგრძელებ თბილისშიც და საქართველოშიც! ეს არის მთავარი, თორემ ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ პარტიის და კიდე ვიღაცის მსახურება არის ცხოვრების თვითმიზანი – არა, ცხოვრების მიზანი ქვეყანა და სახელმწიფოა. ჩემთვის ასე იყო, მე ასე მასწავლიდნენ და ასე ვიზრდებოდი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის” დამფუძნებელმა მოსახლეობასთან თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების მიზეზებზეც ისაუბრა.
„ახლა ბევრს ჰგონია, კაცი ამხელა პრემიერი ვიყავი, რა მერობა…მაგრამ ახლა ის დროა, როცა, აი, წარმოიდგინეთ, ჩვენი პარტიის ბევრი წარმომადგენელი ზოგი მერად იყრის კენჭს, ზოგი დეპუტატად და ამ ხალხს დასდევენ, აშინებენ, ემუქრებიან, მათი ოჯახის წევრებს სამსახურიდან უშვებენ და მე ვერ დავიმალებოდი, ვარ იქ, სადაც ყველაზე ეპიცენტრია და სადაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნებია. და რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ამ არჩევნებს სერიოზული პოლიტიკური შედეგები უნდა მოჰყვეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„თუ ქვეყანა ქვეყანას არ დაემსგავსება და კანონი კანონი არ იქნება ყველასთვის – არაფერი არ იქნება – იქნება ფუჭი დაპირებები. მთავარი არის, რომ წესრიგი იყოს, სამართლიანობის განცდა იყოს, ადამიანებს ესმოდეთ, რომ ღირსების შესაბამისად კვალიფიცირებული ადამიანები ხდებიან და წინაურდებიან ცხოვრებაში.
სხვანაირად სამართლიანობის შეგრძნება არ იქნება. ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ძლიერი სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ღირსეულად იცხოვროს და ღირსეულად არჩინოს ოჯახი. არაფერი კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში არ არის. ახლა წლებია, ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ და ახლა ეს უნდა დავამთავროთ. დავიღალეთ უკვე ერთი და იგივე სახეების ყურებით – ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გაიხსნან გზა პოლიტიკაში.” – განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ოცნების ძალაუფლება პროპორციული უნდა იყოს ხალხის იმ მხარდაჭერის, რომელიც მას აქვს.

„ამ ქვეყანაში ყოველთვის ისე იყო, რომ გამარჯვებული პარტია და ძალა თავს ვალდებულად თვლიდა დამარცხებული გაენადგურებინა ბოლომდე, და ზედ ისიც უნდა მიეყოლებინა, რაც მან გააკეთა. ეს დასამთავრებელია! არავინ არ ამბობს, რომ ოცნება უნდა გაქრეს და განადგურდეს, არავინ არ ამბობს ამას – მაგრამ მისი ძალაუფლება უნდა შეესაბამებოდეს ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ მეტი არაფერი არ გვინდა. და ცოტა გონზე უნდა მოეგონ, იმიტომ რომ ეს ამდენი ტყუილები, თვალთმაქცობა… საერთოდ ეჭვი შევიტანე ამ ადამიანების, ზოგიერთი მათგანის გონიერებაში.”- განაცხადა გიორგი გახარიამ „ერთ მშვენიერ დღეს გამოვიდნენ და თქვეს, რომ ვინც ჩვენთან არ არისო და განსხვავებული აზრი აქვსო – ჩვენი მტერიაო. მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ვინც ჩვენი მტერია ის ქვეყნის მტერიც არისო. ჩვეულებრივი ტოტალიტარული აზროვნების ელემენტარული ლოგიკა დაალაგეს. შეუძლებელია ასე! არ შეიძლება ადამიანი თვლიდეს, რომ მან აი ამ ქვეყნის მოქალაქეზე უკეთესად იცის, ამდენ – სამ მილიონ ადამიანზე უკეთესად იცის რა არის ჩვენთვის კარგი და რა არის ცუდი. მე ეს არასოდეს არ მიკადრია, არასოდეს! მე როგორ ჩავთვლიდი, რომ ჩემი ცოდნა ან აზრი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე ამდენი ადამიანის”, – განაცხადა გახარიამ.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას „რეალობისგან მოწყვეტილი” უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მარტო დატოვება ნიშნავს, რომ ისინი საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანდებიან. „მშვიდად, ისტერიკის გარეშე, არავინ არ უნდა ვლანძღოთ, წყნარად უნდა მივიდეთ იქამდე, რომ მათ ობიექტურად შეიგრძნონ მათი ძალაუფლება რამხელაა. კი არ უნდა გაქრნენ და კი არ უნდა განადგურდნენ – რა თქმა უნდა იყვნენ. ბევრი კარგი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული, ბევრი. ისიც ხომ ძალიან კარგად გვახსოვს 2012 წლამდე რაც იყო – იმის დაბრუნებაც არ გვინდა. მაგრამ ახლა მართლა გეუბნებით, რომ ახლა რომ ვუყურებ უკვე ზღვარი იშლება… რა მნიშვნელობა აქვს იმავე მეთოდებს თავად გამოიყენებენ, თუ თავისი ბოდიში უსუსურობით მოიყვანენ და პირდაპირ მიშას დაგვასვამენ თავზე. სხვაობა რა არის?! ჩვენთვის არაფერია სხვაობა… ამიტომ ვთქვი, რომ ამათი მარტო დატოვება აღარ შეიძლება, შეუძლებელია უბრალოდ – ესენი სულ მალე, აი ასე გაერთიანდებიან ძალიან კარგად. იქ რაღაცას „იმაუმუნებენ”, რაღაც ზღაპრებს, სპექტაკლებს დაგვიდგამენ, მაგრამ სინამდვილეში… მე ხომ ვიცი ეგენი როგორ ეკურკურებიან ერთმანეთს.” პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ამომრჩევლებთან მიმართვისას ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების დროს პარტია „საქართველოსთვის” საკუთარი ხმების დაცვა ერთმანეთთან შეთანხმებული „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობისაგან” მოუწევს.

„ერთი რამე უნდა იცოდეთ – ჩვენი მთავარი პრობლემა არჩევნების დროს იქნება როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები ოცნებისგან და ნაციონალური მოძრაობისგან. ოღონდ ჩვენ მაქსიმალურად დაგვაზიანონ, ისინი შეთანხმდებიან და ეს შეთანხმება უკვე დაწყებულია. ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ და ამიტომ ვართ იქ, სადაც ვართ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები