ირაკლი ქარსელაძე: ზესტაფონის, როგორც ინდუსტრიული ცენტრის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება
“ზესტაფონი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ცენტრი, დღეს მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, სადაც ერთ-ერთი გადამწყვეტი სწორედ შორაპანი-არგვეთას მონაკვეთია, მეოთხე მონაკვეთს აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ზესტაფონი განიტვირთოს მოძრაობისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რომ ეს მონაკვეთიც ეტაპობრივად დავაჩქაროთ და უფრო ადრე შევიდეს ექსპლუატაციაში”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონში ,,ქართული ოცნების” კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.
მინისტრმა ისაუბრა ზესტაფონში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე და ახსნა მისი გაჭიანურებული სამუშაოების მიზეზები.
“შეიცვალა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში არ შეცვლილა. მისი თქმით, 324 კმ მაგისტრალური გზა აშენდება უკვე 2025 წლისთვის და 2030 წლისთვის 760 კმ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ჩვენი ქვეყნის იქნება დასრულებული, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას სრულიად სხვა ინფრასტრუქტურულ სიბრტყეში გადაიყვანს, მოგვცემს ტურიზმის, ახალი მიზიდულობის ცენტრების, ინდუსტრიის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას.
რაც შეეხება წყალს, ამჟამად, 150 მდებარეობაზე მიმდინარეობს ჩვენი პროექტები წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის. 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს ცენტრალიზებული წყალმომარაგება აქამდე არ ჰქონია. ზესტაფონი დაწინაურებულია ამ მიმართულებით. 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენი შესაბამისი გეგმის და სტრატეგიის მიხედვით ზესტაფონს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
რა თქმა უნდა გამოწვევად რჩება ზესტაფონის მიმდებარე სოფლები ,ესეც გათვალისწინებული გავქვს, ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. ამბიციური გეგმაა, 9 მილიარდი ლარი არის ჩვენი წინასწარი შეფასებით, რაც დასჭირდება წყალმომარაგებასა და წყალარინებას, მაგრამ ამაზე უკვე გაგვაჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ზესტაფონის პოტენციალზე საუბრისას ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა პრემიერმინისტრის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც განახლდება აღმაშენებლის უბანი. მან წარმატება უსურვა ახალ კანდიდატს და აღნიშნა, რომ მალე ზესტაფონი იქნება კიდევ უფრო ლამაზი და განვითარებული ქალაქი.