საბერძნეთში სამსახურებიდან მედიცინის იმ მუშაკების გათავისუფლება დაიწყეს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე უარს აცხადებენ.
პირველ სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 5 895 შეტყობინება იქნა გაგზავნილი.
Ekathimerini წერს, რომ შეტყობინებების ნაწილი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებმა უკვე მიიღეს, ნაწილი კი მოლოდინშია, შესაბამისად, გუშინ არავაქცინირებული მუშაკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, სამსახურიდან გათავისუფლება 10 ათასამდე ადამიანს ემუქრება, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ აცრისთვის განკუთვნილ ვადად 1-ელი სექტემბერი განისაზღვრა, უწყება ელოდება მონაცემის დაზუსტებას, რადგან გუშინ მედიკოსების ნაწილი აცრის პუნქტებში მივიდა.
ამის პარალელურად, გუშინ ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო პერსონალის აქციები იმართებოდა, რაზეც ჯანდაცვის უწყებაში თქვეს, რომ პროტესტი “მისაღებ დონეზე იყო”.
ამავდროულად, სახელმწიფო საავადმყოფოების საერთობერძნული ფედერაცია (POEDIN) ვაქცინაციის წინააღმდეგ ახალ მობილიზაციას აცხადებს.
ფედერაციაში ამტკიცებენ, რომ არავაქცინირებული თანამშრომლების სამსახურებიდან გათავისუფლება ეროვნულ ჯანდაცვის სისტემას პრობლემას შეუქმნის, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს მის ფუნქციონირებას საჭირო დონეზე.
სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების კომისიამ, საბერძნეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ სამედიცინო პერსონალის საჩივარი უარყო, რომელშიც მედიკოსები მთავრობის დადგენილების შეჩერებას ითხოვდნენ.
კანონის გაუქმებისა და შეჩერების შესახებ ცალკე საჩივარი აქვს შეტანილი POEDIN-საც , რომელიც 8 ოქტომბერს სასამართლოს პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული.