კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების გაყალბებისთვის დაკავებულების პროცესი დღეს გაიმართება
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა დისტანციურ რეჟიმში თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს
მათივე ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ, შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.