საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებული პირების შესახებ “კვირამ” დამატებითი დეტალები გაარკვია.
“კვირას” ინფორმაციით, ყალბ კოვიდპასპორტების საქმეზე დაკავებული მანანა კვარაცხელია ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ახლო ნათესავია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.