კელნში ტრადიციული გეი-აღლუმი – Christopher Street Day ჩატარდა
კელნში გუშინ ტრადიციული აღლუმი – Christopher Street Day ჩატარდა, რომელშიც, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ღონისძიება ყოველწლიურად სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად ტარდება და გერმანიაში ერთ-ერთ მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.
ორგანიზატორების თქმით, წელს ასზე მეტმა კლუბმა, ორგანიზაციამ და ასოციაციამ მიმართა აღლუმში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა და საფეხბურთო კლუბმა 1. FC Köln-მა.
ამავდროულად, მსვლელობაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს და კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. პირბადის ტარება სავალდებულო იყო.
2020 წელს, ტრადიცული კოსტუმირებული მსვლელობის მაგივრად, რამდენიმე ველოგარბენი მოეწყო.
Christopher Street Day-ის მცირე ისტორია.
1969 წლის 28 ივნისს ნიუ იორკის პოლიციამ კრისტოფერის ქუჩაზე მდებარე გეი ბარი – “სტოუნუოლ-ინი” დაარბია, რომელიც გეების, ლესბოსელების, ტრანსგენდერებისა და დრაგ-ქვინთა შეხვედრის ადგილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბარის სტუმრები შეჩვეული იყვნენ შევიწროებას, ამჯერად, პოლიციელთა თავნებობას არ დაემორჩილნენ, უარი თქვეს პირადობის მოწმობების ჩვენებაზე და აჯანყდნენ, რაც მრავალდღიან მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.
“სტოუნუოლის” პროტესტებმა ჩაუყარა საფუძველი “ლგბტ-პირთა” უფლებების დაცვის თანამედროვე მოძრაობებს.
ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვეში ლგბტ აქტივისტებმა დააფუძნეს პირველი ორგანიზაციები, რომლებიც ღიად იცავდნენ გეებისა და ლესბოსელების უფლებებს. Stonewall Inn-ის აჯანყების წლისთავზე, ნიუ იორკსა და სხვა ქალაქებში “კრისტოფერის ქუჩის განთავისუფლების დღე” გაიმართა.
მოგვიანებით, მსგავსი მსვლელობების გამართვა დაიწყო სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში.
კელნში აღლუმი 1991 წლიდან ტარდება.
როგორც წესი, ღონისძიების დროს მონაწილეები ხალხში პრეზერვატივებსა და საინფორმაციო ბროშურებს ისვრიან, რომლებშიც ჰომოსექსუალების, ტრანს და ინტერსექსუალუალი ადამიანების შევიწროებაზეა საუბარი. მსვლელობის დასრულების შემდეგ, ჟიური ირჩევს ყველაზე ნათელ და დასამახსოვრებელ ჯგუფებსა და კოსტიუმებს. გამარჯვებულებს, ჯილდოს სახით, შეუძლიათ, მომდევნო წელს მსვლელობა გახსნან.