მილანში სამხრეთ გარეუბანში ძლიერმა ხანძარმა, პრაქტიკულად, გაანადგურა 18-სართულიანი შენობა, არსებობს ნაგებობის ჩამონგრევის საფრთხე.
ამის შესახებ Corriere della Sera წერს.
ხანძარი გუშინ ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:45 საათზე დაიწყო და ის ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. კორპუსში, დაახლოებით, 70 ოჯახი ცხოვრობდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მე-15 სართულის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. იტალიური მედიის ცნობით, მეზობლად მცხოვრებმა ბიჭმა ცეცხლი შენიშნა და განგაში ატეხა.
სახლის მცხოვრებლებმა შენობის დატოვება დაიწყეს, მეხანძრე-მაშველების მისვლის დროისთვის ცეცხლი უკვე შენობის ფასადზე იყო მოდებული.
ასევე, ცნობილია, რომ სახლში ხანძრის ჩაქრობის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, სახანძრო კიბეებზე კი მხოლოდ მეათე სართულამდე აღწევენ.
გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, რამდენიმე ადამიანი კვამლის შესუნთქვით დაშავდა.
ამჟამად კი, შენობის ჩამონგრევის რისკი არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ მაღალ ტემპერატურას შეიძლება, საფრთხე შეექმნა გარე ლითონის ჩარჩოს სიმჭიდროვისთვის.