ივანე ჩხაიძე: ყველა ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლებელია, რეკომენდაცია გავუწიოთ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ბავშვების ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ დიდია.

მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველო დაელოდოს სექტემებერ-ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც პანდემიის მეოთხე ტალღის სიმძიმის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის ასაკი უფრო შეამციროს.

„ჩვენ ახლა ჯამური მაჩვენებელი საშუალოდ, ბოლო კვირეების განმავლობაში გვიფიქსირდება 5 000 ათასი ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში. ამ ხუთი ათასიდან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკა გვიჩვენებს,  სავარაუდოდ ათი პროცენტი უნდა იყოს ბავშვი. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 400-500 ინფიცირებულ ბავშვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ძალიან დიდი ციფრია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს არ ნიშნავს ამდენივე ბავშვის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას.

სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებიდან გამომდინარე, 95-97 პროცენტი ბავშვებისა არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მხოლოდ სამი, მაქსიმუმ ხუთი პროცენტისთვის ხდება აუცილებელი ჰოსპიტალში მოთავსება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. თუმცა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყოველდღიურად 400-500 ინფიცირებული ბავშვი მართლაც მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ მოზრდილებს ვთავაზობთ ვაქცინაციის სახით დაცვას, სამწუხაროდ, ბავშვებში ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ მიმდინარეობს ვაქცინაცია. ჩვენ ჩამოვწიეთ მინიმალური ასაკი და დღეისთვის შესაძლებელია 16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაც, თუმცა ჯერჯერობით არ მიგვიღია გადაწყვეტილება, 12-დან 15 წლამდე ასაკში როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა.

აქ შესაძლებელია ორი გამოსავალი – ერთი, დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, მაისიდან უკვე აწარმოებს ვაქცინაციას 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დასაშვებია ამერიკის სიდისის მიერ, დაშვებულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ, სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ აფიქსირებდა ამ ასაკში ვაქცინაციას, იყო დიდი ბრიტანეთი, თუმცა წინა კვირას უკვე დიდმა ბრიტანეთმა ასევე ნება დართო როგორც „ფაიზერის“, ისე „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებას 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში მიიღებს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ოღონდ შერჩეულ ვაქცინებთან დაკავშირებით. ეს არ შეეხება არავითარ შემთხვევაში ყველა ვაქცინას, ეს იქნება კონკრეტულ ვაქცინებთან დაკავშირებით, მაგალითად ამ მხრივ ავტორიზებული საქართველოში არის ჯერჯერობით ერთდერთი ვაქცინა „ფაიზერი“, რომელსაც დაშვებული აქვს ვაქცინაცია 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში.

თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, მაშინ შეიძლება, ქვეყანამ ინდივიდუალურად, ისე, როგორც მოიქცნენ ევროპის ქვეყნები, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ამერიკის სიდისის, ევროპის წამლის სააგენტოს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლების რეკომენდაცია და შეუერთდეს ამ ქვეყნებს, დავიწყოთ ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჩვენ რომ ახლა დღის განმავლობაში გვქონდეს 200, 500 ან 1 000 შემთხვევა, ამის აუცილებლობა ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ხუთი და ექვსი ათასი შემთხვევა დაფიქსირდა ერთი დღის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევების კვალდაკვალ მატულობს ბავშვების ინფიცირება, და რაც ყველაზე ცუდია, ამის უკან დგას კორონავირუსის დელტა ვარინტი, რომელიც ბავშვებში ასევე მიმდინარეობს შედარებით უფრო მძიმედ, უფრო მეტად იწვევს ჰოსპიტალიზაციას. ამიტომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლებელია, რეკომენდაცია გავუწიოთ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები