მცხეთის მერობის კანდიდატი წეროვანში ახალგორის, ლიახვისა და ფრონის ხეობის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნების” მცხეთის მერობის კანდიდატი, დიმიტრი ზურაბიშვილი წეროვნის დასახლებაში ახალგორის, ლიახვისა და ფრონის ხეობის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მისი პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება დიდი იყო და, კოვიდპანდემიის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მივიდა შეხვედრაზე.
მათივე ცნობით, დიმიტრი ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მათთან იმყოფებოდა. ყოფილი თანამებრძოლი დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უკვე მერობის კანდიტატის რანგში წარუდგა.
„ემოციური იყო ჩემთვის 13 წლის შემდეგ ისევ ახალგორელებსა და ხეობელებთან შეხვედრა, ოღონდ უკვე აქ, წეროვნის დასახლებაში. 2008 წლის აგვისტოს ომში მე მათთან ერთად ვიცავდი ჩვენს ქვეყანას ოკუპაციისგან. ახალგორიდან ერთ-ერთი ბოლო გამოვედი.
13 წლის წინ მათი თანამებრძოლი ვიყავი, დღეს კი მათ წინაშე მერობის კანდიდატად წარვსდექი. მე კარგად ვიცი მათი განვლილი ტკივილი და გავეცანი დღევანდელ პრობლემებსაც.
ჩემთან ერთად “ქართული ოცნების”ლიდერებმა, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა – დავით ნოზაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა – დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი – ჯონი ბაშარული წარუდგინეს. ჯონი ახალგორელია, სულით და საქმით მებრძოლი ახალგაზრდა კაცი. მის მიმართ გამოხატული დიდი სიყვარული და სითბო 2 ოქტომბერს გარდაუვალ გამარჯვებაზე მიუთითებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ახლანდელმა მერმა, გოგიტა კაპანაძემ და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს, მათ ყველა კითხვას უპასუხეს და დეტალურად აუხსნეს ყველა პრობლემის მიზეზი და გადაჭრის გზები.
მინდა, მადლობა გადავუხადო ახალგორის, ლიახვისა და ფრონის ხეობის იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას, უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრებს ღიად გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე ვპირდები მათ, არჩევის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალურად შევუქმნით ნორმალური ცხოვრების პირობებს.
2008 წელს მათთან ერთად დავტოვე ჩვენი ქვეყნის უძველესი მიწა და ვპირდები, ჩვენ ერთად დავბრუნდებით უკან მხოლოდ სიყვარულით და არა შურისძიებით. ჩვენს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ისე, როგორც ვცხოვრობდით საუკუნეების მანძილზე. მათი სტუმარი ვიქნები აქაც და იქაც, წეროვნის დასახლებაშიც და მათ მშობლიურ ულამაზეს კუთხეშიც“, – განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.