ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება და არჩევნები ჩატარდება ნამდვილად უსაფრთხო გარემოში
“ცესკო-სთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო დეტალური გავხადოთ ის დაცვის მექანიზმები, რომლებიც არჩევნებს უსაფრთხოს გახდის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოქტომბერშ მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების კლება და მნიშვნელოვანია, ცესკო-მ, მოქალაქეებმა და ყველა პარტიამ გაითვალისწინონ ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული რეკომენდაციები.
„ვთვლით, რომ გაცილებით უფრო მეტი საფრთხის შემცველი არის ქორწილები და ქელეხები, რომლებიც იმართებოდა და, როგორც თქვენმა კოლეგამ ახლა თქვა, გარკვეული შეხვედრები, რომლებიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება განსაკუთრებით ინფექციის გავრცელება. რაც შეეხება არჩევნებს, ცესკო-სთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო დეტალური გავხადოთ ის პროცესი და დაცვის მექანიზმები, რომლებიც უსაფრთხოს გახდის არჩევნებს. იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად კლებას და მნიშვნელოვანია, ცესკო-მ, მოქალაქეებმა და ყველა პარტიამ გაითვალისწინონ ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის მხრიდან მიწოდებული ის ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება ნამდვილად უსაფრთხო გარემოში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, დაიცვან ჩვენი მითითებები, უფრო მეტად გააქტიურდნენ ზოგადად კოვიდის რეგულაციების აღსრულებასთან მიმართებით, გააქტიურდნენ ასევე მოქალაქეებისთვის მოწოდებაში, რომ აუცილებლად დროულად უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას ვაქცინაზე და დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ, ჩავატაროთ გამჭვირვალე და კოვიდუსაფრთხო არჩევნები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.