პარამოფარიკავეები – ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარაოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდნენ
ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავეები – ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ.
ხეცურიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 5-დან სამი შეხვედრა მოიგო, მეოთხედფინალში კი იტალიელი როსანა პასკინო 15:14 დაამარცხა. ნახევარფინალში ხეცურიანის მეტოქე ჩინელი შუმაი ტანი იქნება.
რაც შეეხება თიბილაშვილს, მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან ორ შეხვედრაში იმარჯვა და ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე უკრაინელ ევჰენია ბრეუსს შეხვდება.
ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 14 პარასპორტსმენით სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.