გიგი უგულავა: “ოცნების” გეგმაა, რაც უფრო შეშინდება ხალხი ნაკლებად მოვა არჩევნებზე, გააყალბოს და მერე ჩაკეტოს ქვეყანა
“ყველა მონაცემით, “ოცნების” შეთითხნილი კვლევების გარდა, ხელისუფლება აგებს რეფერენდუმს. პირველ ტურში აგებს, მეორე ტურებია უმრავლეს ქალაქებში და მაჟორიტარულ ოლქებში. ესაა სიმართლე”, – ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის გეგმა არჩევნების გაყალბება და შემდეგ ქვეყნის ჩაკეტვაა.
“ყველა მონაცემით, “ოცნების” შეთითხნილი კვლევების გარდა, ხელისუფლება აგებს რეფერენდუმს. პირველ ტურში აგებს, მეორე ტურებია უმრავლეს ქალაქებში და მაჟორიტარულ ოლქებში. ესაა სიმართლე.
კოვიდის მართვა/ვერმართვა, არჩევნების ჩატარება/გადადება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასეა ყველა ქვეყანაში.
ხელისუფლებას არ ადარდებს ათასობით გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე. ასევე, ცხადია, რომ აშკარა კონფლიქტია ეპიდემიოლოგებსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის. ოცნების გეგმაა, რაც უფრო შეშინდება ხალხი ნაკლებად მოვა არჩევნებზე, გააყალბოს და მერე ჩაკეტოს ქვეყანა. ოღონდ მანამდე ათასობით ადამიანი მოკვდება. ეს ცივსისხლიანი მკვლელების გეგმაა. დიახ, ღარიბაშვილი სწორედ ასეთია.
ახლა კითხვა გვაქვს მუშკეტერებად წოდებულ ბატონებთან. გვითხარით დეტალური სიმართლე. წინასაარჩევნო პროცესი, არჩევნები 2 ოქტომბრამდე და მეორე ტურებით ოქტომბრის ბოლომდე რა გავლენას მოახდენს ეპიდ სურათზე? სად ვიქნებით არჩევნების დასრულებისას? რა არის ახლა სწრაფი გამოსავალი იმისთვის, რომ არ ჩამოიქცეს ჯანდაცვის სისტემა და შეუქცევად კატასტროფაში არ აღმოვჩნდეთ?
ბატონო ამირან, თენგიზ და პაატა, თქვენი ადამიანური და პროფესიული ვალია, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე გვითხრათ და პასუხი გაგვცეთ ამ კითხვებზე. საუბარი იმაზე, რომ პირბადე და აცრაა გამოსავალი, აუცილებელია, მაგრამ ფაქტია, არ კმარა. გვითხარით სიმართლე საზოგადოებას და შემდეგ პარტიებმა თავად გადაწყვიტონ, რა გზას აირჩევენ და ხალხიც თავად გადაწყვეტს ვის დაუჭიროს მხარი. გადაწყვეტს როგორც კავკასიურ ცარცის წრეში – ვინც ხელს არ მოსტეხს შვილს, ის იქნება პასუხისმგებლიანი და პირიქით, ვინც ბავშვს მიისაკუთრებს ის სინამდვილეში იქნება მკვლელი. სამწუხაროდ, ეს სიტყვა როგორც არასდროს არაა მეტაფორა. დიახ, მკვლელია ვინც კლავს და ვისი სიხარბის გამოც ადამიანები იღუპებიან
ეპიდემიოლოგებო, ღვთის გულისთვის, გვითხარით სიმართლე ხალხს და არა მთავრობას დახურულ კაბინეტებში
პ.ს. იქნებ ჟურნალისტებმაც ჰკითხოთ მათ, როცა საშუალება გექნებათ”, – წერს უგულავა.