აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო.

აქამდე, Pfizer-ის ვაქცინას საგანგებოდ გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მეცნიერებმა ვაქცინის მონაცემების ასობით ათასი გვერდი შეაფასეს. Pfizer-ის ვაქცინამ მარეგულირებლის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების მაღალი სტანდარტები დააკმაყოფილა.

„მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა უკვე უსაფრთხოდ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგიერთისთვის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ ვაქცინის დამტკიცებამ ვაქცინაციისადმი დამატებითი ნდობა შეიძლება გამოიწვიოს“, – განაცხადა ჯანეტ ვუდკოკმა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოქმედმა კომისარმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ ვაქცინის დამტკიცება კომპანიის კლინიკური კვლევების განახლებულ მონაცემებს ეფუძნება.

„ჩვენ მიერ წარდგენილი უფრო გრძელვადიანი დაკვირვების მონაცემების საფუძველზე, 16 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის ვაქცინის დამტკიცება ჩვენი ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ადასტურებს იმ დროს, როდესაც ის სასწრაფოდ საჭიროა“, – აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

აშშ-ის მარეგულირებელში ასევე განაცხადეს, რომ ამიერიდან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა Comirnaty-ის სახელით გაიყიდება.

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინის 204 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები