Reuters: ავღანეთი მასობრივი შიმშილის ზღვარზეა

“თალიბანის” მიერ ავღანეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, სულ უფრო მეტი ადამიანი არის სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე – ბანკები კვლავ დახურულია, პროდუქტებზე ფასი კი ყოველდღიურად იზრდება.

 

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

ხალხი ყოვედღიურ რეჟიმში წუხს იმაზე, თუ როგორ გამოკვებონ ოჯახები და ბინის ქირა როგორ გადაიხადონ.

 

Reuters-ი წერს, რომ, გვალვის სეზონის შემდეგ, სოფლის მოსახლეობას ემუქრებოდა მასობრივი შიმშილი და ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქებში გადასულიყვნენ, რომ გადაერჩინათ თავი კარვებსა და დროებით თავშესაფრებში ცხოვრებით.

 

ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ავღანეთში კომერციული ფრენების შეჩერებამ შეუძლებელი გახადა მედიკამენტებისა და სხვა დახმარების მიწოდება.

 

აღინიშნება, რომ ქვეყნის ქალაქებში “თალიბანის” სწრაფმა წინსვლამ გამოიწვია ავღანური ვალუტის ვარდნა და ძირითად საკვებზე ფასების ზრდის დაჩქარება. ფქვილი, ზეთი და ბრინჯი სულ რამდენიმე დღეში 10-20%-ით გაძვირდა, მოსახლეობას არ აქვს წვდომა საბანკო დანაზოგებთან. Western Union-ის ოფისების დახურვის გამო, შეჩერებულია ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან.

 

Fitch Solutions-ის აზიის ქვეყნების რისკების ხელმძღვანელი ანვიტა ბასუ თვლის, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში სერიოზული კრიზისი დადგება. ის ირწმუნება, რომ ავღანური ვალუტა, რომელიც უკვე 7%-ით გაუფასურდა ამ თვეში, შეიძლება, კიდევ უფრო გაუფასურდეს. მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფოს საგარეო აქტივების უმეტესობა აშშ-მა გაყინა, რათა “თალიბანისთვის” მათთან წვდომისთვის ხელი შეეშალა.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახლა ავღანეთის ეკონომიკა ჰიპერინფლაციის რისკის ქვეშ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები