გივი მიქანაძე: ორმოცი წამყვანი ქვეყნის ლიდერებთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, სად დგას საქართველო
„ის ფაქტორი, რომ ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან ფორუმში ვიღებთ მონაწილეობას, ორმოცი წამყვანი ქვეყნის ლიდერებთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, სად დგას საქართველო”, – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის სამიტში.
მისი თქმით, საქართველო არასოდეს შეურიგდება როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ისე – მოძმე უკრაინელი ერის ტერიტორიების ანექსიას.
„საქართველო დგას დასავლურ ღირებულებებთან. საქართველო არასოდეს შეურიგდება როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ისე – ჩვენი მოძმე უკრაინელი ერის ტერიტორიების ანექსიას. ამ კონტექსტით ცალსახად გამოხატულია არა მარტო მმართველი გუნდის მტკიცე და მყარი პოზიცია, არამედ – მთლიანად ქართველი ხალხის. ჩვენ ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რასაც ამ პლატფორმაში მონაწილე ადამიანები ასახავენ. რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი არის, რჩება და ყოველთვის იქნება აქტუალური. ამაზე მეტყველებს არამარტო მსგავს ფორუმებში ამ საკითხის გაჟღერება. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო მიმდინარე წლის იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციები და სხვადასხვა საერთაშორისო მხარდამჭერი აქტი, რომლებიც ცალსახად ასახავს, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება, განახორციელა აგრესია, ეთნიკური წმენდა და ამისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. ამიტომ, მსგავს ფორმატებში ჩვენი მონაწილეობა აფიქსირებს ჩვენს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მოძმე ქვეყნის უკრაინის მიმართ. ეს არის ფორუმი, რომელიც ასევე დამატებით იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოს საკითხები კიდევ ერთხელ გაჟღერდეს და კიდევ მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.