რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის განზრახ განადგურებაში ბრალდებული, ვ.ზ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ.ზ.-ს და ი.ჯ.-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ი.ჯ.-ს დისშვილი – ც.ა. ჩაერთო. ვ.ზ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. გზაზე მიმავალ ც.ა.-ს ავტომანქანით ვ.ზ. დაედევნა და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით ავტომანქანა დააჯახა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მოპედი, რომლითაც იგი გადაადგილდებოდა განადგურდა.
სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ვ.ზ. სრულად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.