23 აგვისტოს გაგრაში ტრაგიკულად დაიღუპა გურამ რჩეულიშვილი
1960 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ გაგრაში, ტრაგიკულად დაიღუპა გურამ რჩეულიშვილი, როცა აღელვებულ ზღვაში გადაეშვა უცნობი ადამიანის გადასარჩენად. 26 წლისა დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
ისტორიკოსი, მწერალი გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს.
პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში” გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი”, „სათაგური”, „სიყვარული მარტის თვეში”, „ნელი ტანგო”, „თვირთვილა”, „უსახელო უფლისციხელი” და „სიკვდილი მთაში”.
მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს, გამოიცა.