მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი – „მიტოვებული სოფელი“ იაპონიაში, ნაგანოს არტმუზეუმში აჩვენეს
მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი” იაპონიაში, ნაგანოს არტმუზეუმში აჩვენეს. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი, სცენარის ავტორი კი – მარიამ კაპანაძე.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ივლისსა და აგვისტოში ქართული ანიმაცია იაპონიაში 24 000-მდე სტუმარმა იხილა.
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი – მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი – სიყვარული.
„მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო. პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე კი ქართულ ანიმაციურ ნამუშევარს ორი ჯილდო გადაეცა.
„მიტოვებული სოფელი“ შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და „ქართული ფილმი – აფხაზეთის“ ბაზაზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.