მეუფე გრიგოლი: დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული, ამის წყალობით გადავურჩი ალბათ ბევრ დაავადებას, წარმატებას ვუსურვებ ჯანდაცვის სისტემას, ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.

სასულიერო პირმა საუბრისას ვაქცინაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„იმ წესრიგზე, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ამ მძიმე დროში, ეპიდემიის გართულებულ ვითარებაში, რაც შემიძლია შევნიშნო არის ის, რომ მრევლის მხრიდან შეგნებული დამოკიდებულებაა. ყველა ცდილობს, პირბადე ატაროს და დისტანცია დაიცვას. ხალხი ნამდვილად ხედავს საფრთხეს.

რაც შეეხება აცრებთან დაკავშირებით კამპანიას, ვხედავთ, რომ ძალიან მძაფრი აზრთა სხვაობა არსებობს. ახლა მთელი აქცენტები მოდის ეკლესიის მისამართით. მე ასე ვიტყოდი, რომ შეიძლება, მთლად უსაფუძვლო არ იყოს ეს, მაგრამ ამ აზრთა სხვაობის თავი და თავი არის ის, რომ როგორც ჩვენ, მქადაგებლები ვართ ქრისტეს სახარებისა, ასევე უპირველესი მქადაგებლები და მომწოდებლები ჯანდაცვის სისტემის მუშაკები არიან. თვით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არის აზრთა სხვაობა, რაც ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს. ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ სივრცეებს აჩენს სხვადასხვა სპეკულაციისთვის და ვინც ცდილობს, რომ საერთოდ რელიგიურ ჭრილში განიხილოს ეს ამბავი, ამას სერიოზულად არ შევხედავდი, მაგრამ გასაგებია.

ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან და პირიქით, ემხრობიან ამ პროცესს, მოდით, ერთი ვთქვათ, რომ ყველას უნდა სიცოცხლე, უბრალოდ ერთნი ხედავენ სიცოცხლის გადარჩენას აცრაში, მეორენი კი – აუცრელობაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარება შეიქმნა და ეს ართულებს მთლიანობაში პანდემიასთან ბრძოლას, სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საუბარი არ იყო ვაქცინაზე, საუბარი იყო ტაძარში წასვლა-არ წასვლაზე, დისტანციაზე, მაშინაც კი გაიყო აზრები. ეპიდემიოლოგი, რომელიც ამ საკითხზე პროფესიონალურ აზრს უნდა აწვდიდეს, ამბობდა, რომ მე მოვიქცევი ისე, როგორც მეტყვის მოძღვარი. რიგითმა ადამიანმა, რომელიც მედიცინაში საერთოდ არ არის გარკვეული, რა ქნას და რა თქვას. ასე რომ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მხოლოდ ეკლესიაზე ჯოხის გადატეხვა სწორი არ იქნება. სამართლიანები უნდა ვიყოთ ყველა შემთხვევაში და თავისთავად ცხადია, როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა, ორაზროვანი განწყობები, გამორიცხული არ არის, არსებობდეს იგივე სასულიერო პირებს შორისაც. პირადად მე დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ამის წყალობით გადავურჩი ალბათ ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება, წაეღო ჩემი სიცოცხლე, გამონაკლისი არც დღევანდელობა არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტებაა საჭირო, მეტი არგუმენტები, მეტი დამაჯერებლობა, თორემ არაპროფესიონალურად მოწოდება, რომ აიცერით, ხან ისეთი არგუმენტი ითქმება, უმეცარ კაცსაც შეიძლება, გაეღიმოს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, რომ გაძლიერდეს და შეძლოს, მართოს ვითარება ისე, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს არც ერთი დაავადებული, საერთოდ თავიდან ავირიდოთ ისეთი ტიპის გართულებები, რომელსაც მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს. მიუხედავად იმისია, ერთი აზრისანი ვართ, თუ არა. სხვადასხვა აზრი არსებობს მოქალაქეებს შორისაც, სასულიერო პირებს შორისაც და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა არის, მთავარია, ფუნდამენტურ ღირებულებებს შორის ვიყოთ ერთნი და ამას მივაღწიოთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები