ნავალნის მოწამვლის საქმეზე აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს სანქციების მეორე რაუნდს უწესებს. აღნიშნული მოიცავს შეზღუდვებს ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის იმპორტის თაობაზე, რომელიც წარმოებულია ან განთავსებულია რუსეთში, ასევე რუსეთში ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების ექსპორტის შემდგომ შეზღუდვებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი სასანქციო სიაში შეიყვანენ ცხრა რუს ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას, მათ შორის ოპერატიულ მუშაკებს, რომლებიც ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდნენ.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები