ადვოკატი: ზურაბ ზვიადაური კანონიერ ფორმებში მოქმედებდა, მისი ქმედება არის მართლზომიერი, არ გაცდენილა ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებს

ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, ზვიადაურს არამართლზომიერი ქმედება არ ჩაუდენია.

„ზურაბ ზვიადაური კანონის სრული დაცვით, კანონიერ ფორმებში მოქმედებდა. მისი ქმედება არის მართლზომიერი, არ გაცდენილა ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და გაუგებარია ჩემთვის, რა ბრალდება უნდა წარუდგინონ. სამწუხაროდ, გამომძიებელმა მითხრა, რომ ბრალი უნდა წარუდგინოს. ამ შემთხვევაში, მოტივი არ არსებობს, ის იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ცდილობდა თავისი და ძმის სიცოცხლეც გადაერჩინა. ზურაბ ზვიადაურს რომ არ ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა, ორი კი არა, 15-20 გარდაცვლილი იქნებოდა. მან მისცა ჩვენება და თქვა, რომ იყო თავისი, გაფორმებული იარაღი“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ოლიმპიურ ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმისა და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები