“შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული პროექტების განხორციელება რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციებისა და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შუახევის ტურისტული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის და მეტი ტურისტის მოსაზიდად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მსგავსი ტიპის ტურისტული პროექტების განხორციელებას. პრეზენტაციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 5 პროექტი წარადგინა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ 750 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტების განხორციელება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.
პროექტის მიხედვით, ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი 2-ზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რომლის ღირებულება 10 მლნ ლარს შეადგენს.
ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებით და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს.
კურორტ გომარდულში ტობოგანისა და საბაგიროების მშენებლობის პროექტი მზადდება, რაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.
შუახევში, ჯვარიმინდორის მთაზე ტურისტული თავშესაფრები და საკეპინგე ზონა შენდება, რომლის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტი შუახევს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და გურიასთან მთებით დააკავშირებს.
ასევე, მიმდინარეობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი, რომელიც ევროკავშირის ენპარდის მხარდაჭერით ხორციელდება, ოქტომბერში დასრულდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 500 000 ლარს შეადგენს.