პოლიციამ სოციალურ ქსელებში თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებულ გ.ლ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნიბით, დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ლ.-მ 2020 წლის დეკემბერში, კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნ.ღ.-ს მისწერა თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი. ნ.ღ-მ ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც იმავე დღეს, სწრაფი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში, გ.ლ-ს სახელზე გამოგზავნა თანხა 300 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გ.ლ.-მ გაანაღდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალიდან, რითაც ნ.ღ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.