ირაკლი ქარსელაძე – პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძე, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაზა დუგლაძესთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად კასპში, გორში, ქარელსა და ხაშურში მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პროგრამის ფარგლებში, ქალაქ გორში დაწყებულია ცენტრალურ (სტალინის) გამზირზე მდებარე შენობების რეაბილიტაცია, კასპში მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში მდებარე შენობებისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. ასევე, დაწყებულია ქარელის ცენტრალური მოედნის, მიმდებარე შენობებისა და სკვერის, ხოლო ხაშურში რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია. „სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მთელი რიგი დასახლებული ბლოკები არის მოცული, რომლის ფარგლებშიც ხდება როგორც მუზეუმების, ისე საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო დაწესებუებების და, რა თქმა უნდა, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია. მოსამზადებელი – საიზოლაციო, ლესვითი და სხვა სამუშაოები უკვე დასრულებულია და ვითარდება მოსახვითი და შემდგომი სამუშაოები. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ფუნქციების შექმნის მიმართულებით, სადაც სკვერებში და პარკებში გვექნება განახლებული და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის მკვიდრებისა და ტურისტებისთვის. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
პირველი ეტაპის დასრულება სექტემბრისთვისაა დაგეგმილი და წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვექნება,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტები ითვალისწინებს ახალი შესაძლებლობების გაჩენას ბიზნესისთვის, სხვადასხვა კულტურული და კვების ობიექტების სახით, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც ინვესტორებისთვის, ისე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის.
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.