სოსო არჩვაძე: ექსპორტის ზრდა პანდემიამდელ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც კი საგრძნობლად აღემატება იმავე პერიოდში მშპ-ის ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს

ეკონომიკის ექსპერტის, იოსებ არჩვაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდა პანდემიამდელ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც კი საგრძნობლად აღემატება იმავე პერიოდში მშპ-ის ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს. როგორც არჩვაძემ აღნიშნა, ექსპორტის მოცულობამ 2021 წლის ივლისში 390.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

„საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ძვრები თავის თვალსაჩინო გამოხატულებასა და ასახვას საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაშიც ჰპოვებს. ექსპორტის მოცულობამ 2021 წლის ივლისში 390.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვის მაჩვენებელს 42.4 პროცენტით, ხოლო პანდემიანდელი, 2019 წლის ივლისის მაჩვენებელს – 20.6 პროცენტით აღემატება. მთლიანად 2021 წლის იანვარ-ივლისის ექსპორტი (2275.6 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 27.8 პროცენტით, ხოლო პანდემიანდელი 2019 წლის პირველი შვიდი თვის მაჩვენებელს – 7.7 პროცენტით,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ.

საქსტატის მიერ 2021 წლის ივლისში საგარეო ვაჭრობის წინასწარი მაჩვენებლების კომენტირებისას იოსებ არჩვაძემ აღნიშნა, რომ ექსპორტის ზრდა – როგორც წინა წლის, ისე პანდემიამდელ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – საგრძნობლად აღემატება იმავე პერიოდში მიღწეულ ეკონომიკური ზრდის, თავის მხრივ, საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს (მშპ-ის ზრდის ტემპს), რაც ცალსახად მიუთითებს არა მარტო საქართველოს მზარდ საექსპორტო პოტენციალზე, არამედ – მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და მთლიანად ეკონომიკური ტენდენციების არსებით გაუმჯობესებაზე.

მისი თქმით, ივლისში, ისევე როგორც იანვარ-ივლისში მთლიანად, ადგილი ჰქონდა იმპორტის, ასევე, საგრძნობ ზრდას (შესაბამისად, 17.7%-ით და 19.3%-ით), თუმცა ექსპორტის გაცილებით მაღალი ტემპის წყალობით (ივლისში ექსპორტის მატების ტემპი აღემატებოდა იმპორტის მატების ტემპს 2.4-ჯერ, ხოლო მთლიანად, იანვარ-ივლისში, შესაბამისად, 1.4-ჯერ) ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გაიზარდა 2020 წლის ივლისის 37.7 პროცენტიდან 2021 წლის ივლისის 45.6 პროცენტამდე (2021 წელის იანვარ-ივლისში, 2020 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გაიზარდა 2.9 პუნქტით – 40.8%-დან 43.7%-მდე).

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, საგარეო ვაჭრობის სტრუქტურის გაუმჯობესებაში მზარდი წვლილი შეაქვს ადგილობრივ ექსპორტს, რომლის წილად მთელი ექსპორტის, თითქმის, ¾ მოდის.

„თავის მხრივ, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ეფუძნება მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას ქვეყნის ბიზნეს-სექტორში. ბიზნეს-სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესება – ამ სექტორში ბრუნვის, პროდუქციის გამოშვების, დასაქმების მაჩვენებლების დინამიკა კი ცალსახად ადასტურებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მთლიანად წარმატებების სეგმენტური ფორმატიდან თანდათან გადადის სისტემური წარმატებების ფორმატზე და დამაჯერებლად ქმნის შემდგომი დაჩქარებული ზრდის სოლიდურ პოტენციალს,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები